ნიკა მელიამ და ნიკა გვარამიამ პოლიტიკური გაერთიანება შექმნეს, სახელწოდებით - "ახალი", რომლებიც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას საარჩევნო ნომერ 4-ით მიიღებენ.
ნიკა გვარამიას განცხადებით, გაერთიანების მიზანია ბრძოლა "საქართველოში ახალი გზებით ცვლილებებისთვის".
„ჩვენი პარტია არის „ახალი". ჩვენ ვართ ერთად და ვიბრძვით საქართველოში ახალი გზებით ცვლილებისთვის. ჩვენ შევცვლით, იმიტომ, რომ ჩვენ ვიცით ბრძოლა, ჩვენ ვიცით, რა ფასი აქვს მოუსყიდაობას, ვიცით, რა ფასი აქვს სამშობლოს მსახურებას. ჩვენ ვიცით, როგორ დავძლიოთ სირთულეები და როგორ ვუპასუხოთ გამოწვევებს. ჩვენ ეს ვიცით, ჩვენ შევცვლით, მაგრამ ჩვენ ასევე ვიცით, როგორ ვმართოთ და ჩვენ გავაგრძელებთ ამ ქვეყნის ისტორიას წარმატებული ხელისუფლებით, წარმატებული ნაბიჯებით და ევროინტეგრაციით. ეს არის ჩვენი გადაწყვეტილება, ეს არის ჩვენი ამოცანა, ეს არის ჩვენი მიზანი და ჩვენ ამ მიზანს თქვენთან ერთად აუცილებლად მივაღწევთ“, - აღნიშნა პარტიის ნიკა გვარამიამ. მისივე განცხადებით, "პარტიის ფერია მწვანე, რაც ახალი დასაწყისის ფერია.
"ჩვენი ფერია ნარინჯისფერი, ეს არ არის მხოლოდ მელიის ფერი, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არის დაუცხრომელი ენერგიის, წინსვლის და იმედის ფერი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არის ჩვენი მთავარი ფასეულობები და თეთრთან ერთად რომელიც სისუფთავის, მოუსყიდაობის და ბედნიერების ფერია, ვფიქრობთ, რომ გავალთ წინ. ეს არის ჩვენი სიმბოლოები, ეს არის ჩვენი წინ მიმართული ისარი, რომელიც სწრაფი გადახვევის ისარია, ეს არის სწრაფად მოძრაობა წინ ამ დაპაუზებულ ქვეყანაში, ქვეყანაში, სადაც მხოლოდ წარსულზე ლაპარაკობენ. ვფიქრობ, რომ ეს არის მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანი განაცხადი. ჩვენ ვივლით მხოლოდ წინ, არ გავიხედავთ უკან და მივაღწევთ წარმატებას არა ჩვენთვის, არამედ, ჩვენი ქვეყნისთვის. ეს არის ჩვენი გადაწყვეტილება, რომ დავიწყოთ ერთად, დავიწყოთ სიახლით, დავიწყოთ შემდგომი გაერთიანებების სურვილით. მე გულმხურვალე მომხრე ვარ დიდი გაერთიანებების. ნებისმიერი რამის დათმობისთვის ვარ თანახმა გამარჯვების სანაცვლოდ, მაგრამ ეს ვერ იქნება მხოლოდ ჩვენი ინიციატივა. ჩვენ არ მოგიწოდებთ არავის, რომ შემოგვიერთდეთ, ჩვენ გთავაზობთ გავერთიანდეთ. ჩვენ უნდა დავამარცხოთ, პირველ რიგში, საკუთარი თავი ჩვენს ამბიციებში, საკუთარი თავის მოწონება მთელ ამ პროცესში და მხოლოდ გაერთიანების შემდეგ შევძლებთ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის დამარცხებას და საქართველოს წაყვანას წინ - მომავლისკენ. არანაირი წარსული, საუბარი მხოლოდ მომავალსა და ჩვენს წარმატებებზე“, - აღნიშნა ნიკა გვარამიამ.
ნიკა მელიას განცხადებით კი, "ერთობა მოიტანს ნიჰილიზმის დამარცხებას და გამარჯვების ბაცილის შეტანას ყველა ოჯახში".
„რთული იყო ეს გზა და ვინც ჩართული იყო ამ პროცესში, ის ტყუილის თქმის უფლებას არ მომცემს. 3 თვის განმავლობაში გრძელდებოდა ეს პროცესი, ვყოფილიყავით ერთი საარჩევნო სუბიექტი, ვყოფილიყავით ერთი გუნდი, თუ არა?! და ვიხელმძღვანელეთ, პირველ რიგში, ორი გუნდის ინტერესით, ათობით ათასი აქტიური ამომრჩევლის ინტერესით. შემთხვევით არ ვსაუბრობთ ბევრს მომავალზე, ვინაიდან მომავალი არის ის, რაც სჭირდება დღეს ჩვენს ქვეყანას, ჩვენს შვილებს და უფროსი თაობის წარმომადგენლებს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ უნდა ვისაუბროთ სხვადასხვა საკითხზე, მაგრამ მე მსურს ვისაუბრო გაცილებით მეტი იმ საინტერესო საკითხებზე, რასაც ჰქვია ხალხის ინტერესი და აქედან მინდა ამოვიდე. გამარჯვების რწმენა, შესაძლოა, დღეს ბევრს აკლია, არა მხოლოდ ამომრჩევლებს და ხალხს, არამედ, მათ შორის, იმ ადამიანებს, ვინც აქტიურად არის ჩართული პოლიტიკურ ოპოზიციურ მოძრაობაში, მაგრამ ერთობა, მე დარწმუნებული ვარ, მოიტანს ნიჰილიზმის დამარცხებას და გამარჯვების ბაცილის შეტანას ყველა ოჯახში, ქალაქში და დაბაში. ეს ის არის, რაც სჭირდება ჩვენს მომავალს და შესაბამისად, მომავალი არის ჩვენს ხელთ, საკუთარი ბედის მჭედლები ვართ ჩვენ“, - აღნიშნა ნიკა მელიამ.
0 კომენტარი