საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი ევროკავშირისა და ასევე, გერმანიის ელჩებს შეხვდა, სადაც მინისტრის ინფორმაციითვე, "გამოხატა საქართველოს ხელისუფლების შეშფოთება, საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრის, ზურაბ ადეიშვილის ევროკავშირსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში უკრაინის ოფიციალური დელეგაციის შემადგენლობაში ვიზიტის შესახებ".
"საქართველოს კანონმდებლობით მჯავრდებული ადამიანები, რომლებიც მძიმე დანაშაულებში არიან ეჭვმიტანილები და ბრალდებულები, არ უნდა იღებდნენ მსგავსი ტიპის საჯარო აქტივობებში მონაწილეობას ჩვენს პარტნიორ და მეგობარ ქვეყნებში. ზოგადად, ბოლო პერიოდში ჩვენ გვახსოვს სხვა ადამიანებიც, რომლებიც თავისუფლად გადაადგილდებიან ევროკავშირის შიგნით, რომელთა მიმართაც ძალიან მძიმე ბრალდებები არსებობს. ვფიქრობ, ჩვენ მსგავსი ტიპის რეაქცია ჩვენს მეგობართან უნდა გამოგვეხატა. ჩვენთვის მიუღებელია, რომ ძალიან მძიმე დანაშაულებში ბრალდებული ადამიანები ასეთი ტიპის საჯარო ღონისძიებებში მონაწილეობდნენ, ესწრებოდნენ შეხვედრებს, რომელსაც ჩვენი უახლოესი მეგობრები და პარტნიორები მართავენ" - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ მინისტრმა დარჩიაშვილმა, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რა პოზიცია ჰქონდათ თავად ევროპელ დიპლომატებს.
საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრის, ზურაბ ადეიშვილის ვიზიტების შესახებ ორი განცხადება, საქართველოს მთავრობამ სოციალურ ქსელშიც გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია, რომ "ევროკავშირსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ზურაბ ადეიშვილის მასპინძლობა ძირს უთხრის აღქმას, რომ ევროპული ბიუროკრატია სამართლებრივი სახელმწიფოს იდეის ერთგულია". მასში ასევე აღნიშნულია, რომ ეს მოვლენა "პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრული 9 პრიორიტეტიდან პირველივე პრიორიტეტის სულისკვეთებას, რომელიც საქართველოში ანტიევროპული განწყობის გაძლიერების პრევენციას ითვალისწინებს".
საქართველოს მთავრობის მიერვე გავრცელებული მეორე განცხადება, ძირითადად, მოიცავს მიმართვას უკრაინის ხელისუფლებისადმი და ნათქვამია, რომ "საქართველოს მთავრობისთვის გაუგებარია, რატომ იღებს უკრაინის ხელისუფლება იმგვარ გადაწყვეტილებებს, რომლებიც ორი მეგობარი ქვეყნისა და ხალხის ერთმანეთისგან ხელოვნურად დაშორებისკენ არის მიმართული".
"გამოვთქვამთ იმედს, რომ უკრაინის ხელისუფლება გადახედავს გადაწყვეტილებებს, რომლებიც უხეშად ეწინააღმდეგება მეგობრულ სულისკვეთებას საქართველოსა და უკრაინას, ქართველ და უკრაინელ ხალხებს შორის. უპირველეს ყოვლისა, ურთიერთობების მოსაწესრიგებლად, მნიშვნელოვანი და აუცილებელია, უკრაინის ხელისუფლებამ საქართველოს გადასცეს დამნაშავეები, რომლებიც დღეს უკრაინის ხელისუფლებაში მაღალ თანამდებობებს იკავებენ", - ნათქვამია საქართველოს მთავრობის განცხადებაში.
0 კომენტარი