საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და ამჟამად, მმართველი პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა, მედიასთან საუბრისას აღნიშნა, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში გუნდს "მობილიზაცია სჭირდება და საჭიროა, რომ პარტიამ საკონსტიტუციო უმრავლესობა აიღოს", რადგან მისივე თქმით, "აგენტურას ქვეყნის დანგრევის შესაძლებლობა ხელმეორედ არ უნდა მიეცეს". 
"ეს არჩევნები არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის. დღეს ქვეყანაში არის სტაბილურობა, მშვიდობა. ჩვენ შევინარჩუნეთ მშვიდობა, სტაბილურობა და ძლიერი, სწრაფი ეკონომიკური ზრდა, თუმცა ის რისკები, რომელიც შარშანწინ და შარშან არსებობდა ქვეყნის წინაშე, ვგულისხმობ, გამოწვევებს, რომელიც უკავშირდებოდა უსაფრთხოებას და ჩვენი ქვეყნის ჩართვას ომში და აქ მეორე ფრონტის გადმოტანას, ეს რისკები არსად წასულა. "ქართულმა ოცნებამ" და ჩვენი პარტიის დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა მოიტანა მშვიდობა, სტაბილურობა, განვითარება და რეალური დემოკრატია. კარგად გვახსოვს, 2012 წელს რა მდგომარეობა იყო. ჩვენი ქვეყანა და ხალხი არასდროს დაბრუნდება იმ ტერორსა და უბედურებაში, რომელიც აგენტურის მიერ იყო დამყარებული ჩვენს ქვეყანაში. ხალხმა ნახა, რა უბედურება მოუტანა უცხო ქვეყნების ინტერესების გამტარმა და ქართველი ხალხის მოღალატე ხელისუფლებამ. ქვეყანა რეალურად დაანგრიეს, ამიტომ არავის მივცემთ საშუალებას, ხელმეორედ და სამუდამოდ დაანგრიონ ჩვენი ქვეყანა. ამიტომ არის ეს არჩევნები მნიშვნელოვანი, ამიტომ გვჭირდება ჩვენს პარტიას მობილიზაცია. პროპორციული არჩევნები პირველად ტარდება, ელექტრონულად და აღარ იქნება მეორე ტურები. ამიტომ საჭიროა, ჩვენმა პარტიამ აიღოს საკონსტუტიციო უმრავლესობა. ეს არის ჩვენი მიზანი და მთავარი გზავნილი", - აღნიშნა პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ.  

 

 

0 კომენტარი

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება, აუცილებელი ველები მონიშნულია *