საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მედიასთან შეხვედრისას ერთი წლის წინ, "აგენტების შესახებ კანონის" წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციებზე ისაუბრა და ჟურნალისტის შეკითხვაზე საპასუხოდ აღნიშნა, რომ ახალგაზრდების როლი მოახლოებულ არჩევნებშიც "ძალიან მნიშვნელოვანია".
"ახალგაზრდებს მინდა ვუთხრა, რომ რასაც ისინი შარშან ქუჩაში იცავდნენ, იყო ძალიან მნიშვნელოვანი და რეალურად დიდი ნაწილი იმ გადაწყვეტილებისა, რაც წლის ბოლოს იქნა მიღებული, მათი დამსახურებაა. მათ ეს კარგად იციან და საკუთარი ძალა იგრძნეს. იგივე უნდა მოხდეს ამ წელს, თუ გვინდა, რომ მივაღწიოთ შედეგს და მოლაპარაკებების გახსნას. დღეს უკვე ქუჩაში არ წყდება ჩვენი მომავალი, ის წყდება არჩევნებში და მათი მონაწილეობა გადამწყვეტია. მე ვიცი ბევრი ახალგაზრდა, რომელიც ქვეყნიდან წასვლისგან თავს იკავებს იმის მოლოდინში, რომ პერსპექტივა გაჩნდა. ეს პერსპექტივა დიდწილად მათზეა დამოკიდებული და დარწმუნებული ვარ, რომ მოვლენ არჩევნებში და ეს იქნება მათი გამარჯვებაც. ასევე მნიშვნელოვანია დიასპორის მონაწილეობა არჩევნებში. ამჯერად, ეს არჩევნები არ არის რომელიმე ადამიანის, ან პარტიის ასარჩევად. ეს ერთგვარი რეფერენდუმია. ამასთან, ვინც ემიგრაციაში ცხოვრობს, ვინც უყურებს საქართველოს და ვისაც გაუჩნდა იმედი, რომ ეს ქვეყანა პერსპექტიულია და გახდება ევროპის ნაწილი და მათთვის გაიხსნება დაბრუნების გზა, მათი მოვალეობაცაა, რომ არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ. ვიცი, რომ ბევრი შეზღუდვა არსებობს ამ გზაზე. ჩვენ ვმუშაობთ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად იმისთვის, რომ რამდენადაც შესაძლებელია, მათთვის არჩევნებში მონაწილეობის მიღება გავამარტივოთ. ყველას საქმეა, რომ ვისაც ვიცნობთ უცხოეთში მათ ვუთხრათ, ან აიღეთ ბილეთი, ვისაც შეგიძლიათ და ჩამოდით, რადგან ოთხ წელიწადში ერთხელ შეიძლება ჩამოსვლა, რომ შენი ქვეყნის მომავალი გადაწყვიტო, ან აგდილზე მაქსიმალურად იყავით მობილიზებულნი, რადგან თქვენი ქვეყნის ბედი ამჯერად საარჩევნო ყუთშია", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
შეკითხვაზე, "როდესაც ამბობთ, რომ არჩევანია ევროპასა და არაევროპას შორის, ვინ არის "არაევროპა" საქართველოში?" საქართველოს პრეზიდენტმა უპასუხა: "ხალხის ძალა".
0 კომენტარი