GSAC-ის ექსპერტი, ვანო მაჭავარიანი, Globalnews.ge-სთან საქართველო-ჩინეთის ურთიერთობის გაღრმავების ფონზე არსებულ რისკებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ შესაძლოა, ამ პროცესმა საქართველოს სუვერენიტეტს მნიშვნელოვანი საფრთხე შეუქმნას. 
"საქართველოს ხელისუფლება ჩინეთს უხსნის ყველა კარს მაშინ, როდესაც აფრიკის, აზიისა და ლათინური ამერიკის ქვეყნებმა ნახეს, თუ რამდენად საშიში აღმოჩნდა მათი სუვერენიტეტისთვის ჩინეთთან ურთიერთობა. ეს ქვეყნები, ჩინეთისგან აღებული უზარმაზარი ვალების გამო ფინანსურად იმდენად რთულ ეკონომიკურ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, რომ სერიოზული, სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტების დათმობა მოუწიათ და ახლა გზებს ისევ ევროპასა და აშშ-თან ეძებენ. ამის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი არგენტინააა, რომელიც ცდილობს ე.წ. ჩინური ეკონომიკური ექსპანსიისგან თავი დაიხსნას. ჩვენ წინ არიან ქვეყნები, რომლებმაც ეს გზა გაიარეს, ამიტომ საზოგადოება ძალიან ფრთხილად უნდა იყოს და საექსპერტო წრეებმაც მეტი ვისაუბროთ, რა არის დადებითი და რა მიმართულებითაა სერიოზულად უარყოფითი შედეგების მომტანი საქართველოსა და ჩინეთს შორის არაბალანსირებული ურთიერთობა. საერთაშორისო სისტემაში საქართველოს ხვედრით წონას ჩინეთთან თუ შევადარებთ, აუცილებელია, რომ ჩვენ აშშ-თან, ევროპასა და ჩვენს რეგიონალურ პარტნიორებთან ერთად ვიყოთ. მხოლოდ ეს მოგვცემს შესაძლებლობას ჩინეთს თანაბრად ვესაუბროთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩინეთი თავისი ინტერესებით გვშთანთქავს და საქართველო საერთაშორისო რუკაზე ყველას დაავიწყდება", - აღნიშნა ექსპერტმა ვანო მაჭავარიანმა.  
მისივე განცხადებით, "ჩინეთთან ეკონომიკური ურთიერთობა ორმხრივ სარგებელს არ გულისხმობს და ჩინეთი ყველაფრის ხელში აღებას, მათ შორის, ანაკლიის პორტის დაუფლებას შეეცდება". 
"სერიოზული პრობლემაა ის ექსპანსია, რომელიც ჩინეთის მხრიდან ეკონომიკური მიმართულებით მიმდინარეობს და ის ორმხრივ მოგებას არ ითვალისწინებს. ჩინეთი თავის ინტერესებს ატარებს და თან ძალიან დიდს. თუ ის საქართველოში შემოვა, შეეცდება მაქსიმალურად ყველაფერი თავის ხელში აიღოს და მაგალითად, ანაკლიის პორტს დაეუფლოს. მიუხედავად იმ დადებითი ნაწილისა, რაც შესაძლოა საქართველოს მოქალაქემ ჩინეთთან უვიზო რეჟიმით მიიღოს, ძალიან დიდი რისკი არსებობს საქართველომ, როგორც სახელმწიფომ თავისი სუვერენიტეტი დაკარგოს. თუ რუკაზე ჩინეთის ინტერესებს დავაკვირდებით, ის ნებისმიერ ქვეყანაში აშშ-ისა და ევროპის ინტერესების განდევნას ცდილობს. პარალელურად კი, ჩემი დიპლომატიური გამოცდილებიდან შემიძლია გითხრათ, რომ ჩინეთის არასდროს გადადგამს ნაბიჯს, რომელიც რუსეთის ინტერესებს შეეწინააღმდეგება. მათთვის სერიოზული ინტერესის სფეროს წარმოადგენს მაგალითად, პორტები, ინფრასტრუქტურა, მათ შორის, აგროსამრეწველო კომპლექსები, მიწები, სესხები, რომლებიც ქვეყნებისთვის მძიმე ხვედრი ხდება. ჩინეთი ისეთ სესხებს გასცემს, რომ ფიქრობს, მათი გადახდა ქვეყნებს გრძელვადიან პერსპექტივაში პრობლემას შეუქმნის. ამას სხვა სახელმწიფოების მაგალითზე დაყრდნობით ვამბობ. თანაც, გაცილებით მაღალია იმის რისკი, რომ რუსეთისა და ჩინეთის ინტერესი უფრო დაემთხვეს საქართველოსა და კავკასიის რეგიონში, ვიდრე აშშ-ისა და ჩინეთის. მითუმეტეს, თუ ამ ქვეყნებს შორის არსებულ გრძელვადიან დაპირისპირებას შევხედავთ. ამ ვითარებაში კი, ჩვენ, ფაქტობრივად, აშშ-ის საწინააღმდეგო პოზიციაზე აღმოვჩნდებით, რაც ქვეყნის სუვერენიტეტის ამოშლასა და ისევ უკან, რუსეთის გავლენის სფეროში დაბრუნებას ნიშნავს", - განაცხადა GSAC-ის ექსპერტმა, ვანო მაჭავარიანმა. 

0 კომენტარი

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება, აუცილებელი ველები მონიშნულია *