ამერიკული კვლევითი ორგანიზაცია "ატლანტიკური საბჭო" აქვეყნებს ანგარიშს, სათაურით - "ევროპასა და სამხრეთ კავკასიაში კრემლი ეყრდნობა ენერგეტიკულ შანტაჟსა და დაშინების ტაქტიკას", რომელიც აფასებს რეგიონში რუსული პროპაგანდასა და ნარატივებს. კვლევაში საქართველოს შესახებ ცალკე ნაწილია დათმობილი, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
2023 წელს, რუსეთმა საინფორმაციო გავლენის ოპერაციების გაფართოება ევროპასა და სამხრეთ კავკასიაში განაგრძო. კრემლმა სტრატეგიულად გამოიყენა არსებული უთანხმოებები და პროცესები, რათა ძირი გამოუთხაროს უკრაინას და რუსეთის გავლენა ამ ტერიტორიაზე გააძლიეროს. აღსანიშნავია, რომ რუსეთმა მის სამიზნე ქვეყნებში, სპეციფიკურ სოციალურ-პოლიტიკურ კონტექსტზე დაყრდნობით სხვადასხვა ტაქტიკა გამოიყენა. მაგალითად, ევროკავშირის ქვეყნებში, ისეთი დახვეწილი ონლაინ საშუალებები, როგორიცაა კრემლის პროპაგანდად ცნობილი „Doppelganger“, რომელიც სანქციების მოხსნას ადვოკატირებდა და ავრცელებდა მოსაზრებას, რომ რუსული გაზი ევროკავშირის ეკონომიკისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. თუმცა მოლდოვაში რუსეთმა გაზპრომის რესურსების მიწოდება შეწყვიტა და ევროკავშირისა და უკრაინის მომხრე მოლდოვის მთავრობა, სოციალურ-ეკონომიკურ გაჭირვებაზე პასუხისმგებელებად დაასახელა.
ჩვენ კიდევ ერთ დამახასიათებელ ნიშანს დავაკვირდით: მეამბოხე ნარატივების პოპულარიზაციას, რამაც სხვადასხვა ფორმები მიიღო, თუმცა საბოლოოდ სტრუქტურირებული იყო რუსეთის სამიზნე ქვეყნებში იმისთვის, რომ ომის შიდა შიშები გაეძლიერებინა. პოლონეთსა და უკრაინაში, რუსეთი დეზინფორმაციის გავრცელებით ცდილობდა უთანხმოების ნარატივის დათესვას იმის შესახებ, რომ თითქოს პოლონეთს უკრაინის მიმართ მტრული ზრახვები ამოძრავებს. მოლდოვაში რუსული პროპაგანდა ვარაუდობდა, რომ მოლდოვასა და უკრაინის ძალები სეპარატისტულ რეგიონში, დნესტრისპირეთში ჩარევასა და გარკვეულ მოქმედებებს გეგმავდნენ. ანალოგიურად, 2022 წლიდან, საქართველოს მთავრობამ რუსეთთან ომის შიშის ტაქტიკა გამოიყენა, როგორც საშუალება, რომ უკრაინის ადგილობრივი მხარდაჭერა შემცირებულიყო და მისი შიდა პოლიტიკური დღის წესრიგი წარემართა. DFRLab-მა მსგავსი ტენდენცია დააფიქსირა სამხრეთ კავკასიის ორ ქვეყანაში, საქართველოსა და სომხეთში.
მიუხედავად რუსეთთან სომხეთის დაძაბული ურთიერთობებისა, ქვეყანამ რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობები გააფართოვა. 2022 წლის თებერვალში რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, საქართველომ რუსეთთან პირდაპირი ფრენების აკრძალვა მოხსნა და ვაჭრობა გაზარდა, განსაკუთრებით ნავთობისა და გაზის იმპორტის მიმართულებით. ორივე ქვეყანაში პროპაგანდისტული კამპანიები ცდილობდნენ მოსახლეობის აზრის მანიპულირებას პარალელების გავლებით უკრაინაში არსებულ ვითარებასთან და აყალიბებდნენ უკრაინის მაგალითს, როგორც ომისკენ მიმავალ გზას. საქართველოში სამთავრობო პროპაგანდა უფრო შორს წავიდა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) რევოლუციის მოწყობაში დაადანაშაულა. ანალოგიური აზრია გავრცელებული აზერბაიჯანში.
2022 წლის თებერვალში რუსეთის უკრაინის ტერიტორიაზე შეჭრის შემდეგ, რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო სანქციებთან მიერთების პარალელურად, საქართველომ რუსეთთან ვაჭრობა გაზარდა. მთელი წლის განმავლობაში, რუსული პროდუქტები შეადგენდა ქვეყანაში ნავთობისა და გაზის სექტორის მზარდ წილს, რაც ეკონომიკური აღმავლობის ნარატივს გავრცელების შესაძლებლობას აძლევდა. მაშინ, როდესაც ქვეყანა 2024 წლის შემოდგომაზე საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება, მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“, გაამძაფრა თავისი რიტორიკა, გააძლიერა ანტიდასავლური შეთქმულების თეორიები, რომ თითქოს ქვეყნის შიგნით უცხოელებს ხელისუფლების გადატრიალების მცდელობები აქვთ. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ,, მმართველმა პარტიამ ასევე გააძლიერა ანტიდასავლური რიტორიკა პარლამენტში საკამათო კანონპროექტების წარდგენით, რომლებიც სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის შეზღუდვას ისახავდა მიზნად.
2023 წლის მაისში, რუსეთმა ქართული ავიაკომპანიების ფრენების აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილება გააუქმა და ასევე, საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი მოხსნა. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებამ რუსეთში ფრენების აღდგენის შესახებ, ევროკავშირისა და უკრაინის კრიტიკა გამოიწვია. ამ გადაწყვეტილებას საპროტესტო აქციები მოჰყვა საქართველოშიც. იმავე თვეში, თბილისის მერიამ სანქცირებული რუსული კომპანია "კამაზისგან", ოთხ მილიონ ლარზე მეტი (დაახლოებით 1 100 000 აშშ დოლარი) ღირებულების სატვირთო მანქანები შეიძინა. 24 მაისს, ყატარის ეკონომიკური კონფერენციისას, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს ეკონომიკა კოლაფსის წინაშე აღმოჩნდებოდა, თუ ქვეყანა რუსეთს ფართო ეკონომიკურ სანქციებს დაუწესებდა და მან ეს განაცხადა იმის მიუხედავად, რომ საქართველოს უკვე დაწესებული ჰქონდა უფრო ვიწრო ფინანსური სანქციები რუსეთისთვის.
2023 წლის 14 სექტემბერს, შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა რუსეთის ეკონომიკის სხვადასხვა სექტორზე. სიაში ასევე მოხვდა საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძე, რომელიც ქართველი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის ახლო წრეს წარმოადგენს. ფარცხალაძესთან ერთად, სანქცირებულთა შორის აღმოჩნდა რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის (FSB) ოფიცერი, ალექსანდრ ონიშჩენკო. სანქციების შესახებ განცხადებაში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა აღნიშნა, რომ „ონიშენკომ და FSB-მ გამოიყენეს ბერკეტები ფარცხალაძეზე, რათა რუსეთის სასარგებლო გავლენა მოეხდინათ ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე. გავრცელებული ინფორმაციით, ფარცხალაძემ პირადად ისარგებლა FSB-სთან კავშირებით.
მოგვიანებით, იმავე შემოდგომაზე, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სუს-ი) განაცხადა, როგორც დამოუკიდებელი ქართული მედიასაშუალება Civil.ge იტყობინება, რომ ჯგუფები საქართველოს შიგნით და მის ფარგლებს გარეთ „აწყობდნენ შეთქმულებას ქვეყანაში დესტაბილიზაციისა და სამოქალაქო არეულობის მოსაწყობად“, რათა „იძულებით დაემხოთ ხელისუფლება" და მოვლენები „2014 წელს უკრაინაში ჩატარებული „ევრომაიდანის“ საპროტესტო აქციების მსგავსი სცენარით განვითარებულიყო“. შემდგომ განცხადებაში, სუს-მა USAID-ი პროგრამის დაფინანსებაში დაადანაშაულა და თქვა, რომ ორგანიზაციამ სერბი ტრენერები საქართველოში ჩამოიყვანა, რათა ადგილობრივი აქტივისტებისთვის ძალადობრივი ტაქტიკა ქვეყნის ხელისუფლების დამხობის მიზნით ესწავლებინათ. მოგვიანებით, რუსულმა და აზერბაიჯანულმა პრო-სამთავრობო საშუალებებმა ეს ბრალდებები გამოიყენეს იმისთვის, რომ შეთქმულების თეორიები გაევრცელებინათ და აშშ-ი სხვა ქვეყნებში რევოლუციების მოწყობაში დაედანაშაულებინათ.
0 კომენტარი