საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, Chatham House-ში გამართული პანელური დისკუსიის ფარგლებში, საქართველოში მიმდინარე პროცესებსა და ქვეყნის ევროპულ გზაზე ისაუბრა. შესავალ სიტყვაში მან აღნიშნა, რომ "საქართველოს დნმ-შია იყოს ევროპული სახელმწიფო, სწორედ ეს მიზანი ამოძრავებდათ ქართველებს, რომლებმაც მე-20 საუკუნეში ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოაცხადეს და საქართველო ევროპული გზის ძიებაში იყო საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, მე-20 საუკუნის მიწურულიდან". 
საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა ისიც, რომ "საქართველოს ევროპული გზის გაგრძელება და მხარდაჭერა, პირველ რიგში, უკრაინის მხარდაჭერას გულისხმობს". წინააღმდეგ შემთხვევაში, ისეთი "ქვეყნებისთვის, როგორიცაა საქართველო, უკრაინა და მოლდოვა, ევროპული გზის გაგრძელება რთული იქნება". პრეზიდენტის განცხადებითვე, "ერთადერთი გზა, როდესაც შესაძლოა რუსეთი შეიცვალოს არის ის, რომ მან უკრაინაში ვერ გაიმარჯვოს და ეს ასევე გახლავთ ერთადერთი გზა მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ". 

"საქართველოსთვის ევროპულ ოჯახში ხელახლა, სრულფასოვან წევრად ინტეგრაციაში, ამ ჰორიზონტამდე სიარულში, რომ ეს რეალობა გახდეს, ქვეყანა შეიცვალოს და იყოს არა პოსტსაბჭოთა, ყოფილი საბჭოთა, როგორც უყვართ ხოლმე ჯერ კიდევ თქმა ზოგიერთ გამოცემაში, არამედ, რეალური ევროპული წევრი გახდეს, უზარმაზარი გამოწვევა აქვს - რუსეთი. ის რუსეთი, რომელსაც დღეს უკრაინაში ვხედავთ. დიახ, ჩვენ გვაქვს გამოცდილება და ბევრი რამის თქმა შეგვიძლია, თუ რას ნიშნავს იყო რუსეთის მეზობელი, რას ნიშნავს შენთან ისევ და ისევ ხდებოდეს რუსეთის სხვადასხვა ფორმებისა და რეჟიმების შემოჭრა, მაგრამ დღეს გამოწვევა უკრაინაშია. ევროპულ გზაზე საქართველოს დახმარების საშუალება არ არსებობს, თუ პირველ რიგში უკრაინას არ დავეხმარებით. ეს უნდა იყოს ყველა ევროპელის, ყველა დასავლური ძალის საერთო მცდელობა, მათ შორის, შეერთებული შტატების. ეს მთავარი მიზანია ყველასთვის, ვინაიდან, თუ რუსეთი არ აღიარებს იმას, თუ რას ნიშნავს იყო ერთი ერი, სხვა ერების საერთაშორისო საზოგადოებაში, თუ გააგრძელებს იმაზე ფიქრს, რომ გაფართოება შეუძლია, როდესაც რამე სისუსტეს იგრძნობს ან თუნდაც არ იგრძნოს და უბრალოდ გაფართოებას მოისურვებს, ვინაიდან, ეს მის ღრმა ბუნებაშია, მაშინ სტაბილურობა არ იქნება, მშვიდობა არ იქნება”. 

შესავალი სიტყვით გამოსვლის შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტმა რამდენიმე შეკითხვას უპასუხა. მათ შორის, საქართველოს ხელისუფლების "ორაზროვან განცხადებებთან დაკავშირებით უკრაინისა და დასავლეთის მისამართით". პრეზიდენტ ზურაბიშვილის განცხადებით, "ანტი-დასავლური რიტორიკის მქონე პრემიერ-მინისტრის განცხადებები შეიცვალა", თუმცა ის არ გახლავთ დარწმუნებული, რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი.

"არ ვიცი როგორ ვუპასუხო შეკითხვას, თუ რატომ არის მთავრობა ამ ორაზროვან პოზიციაში. დარწმუნების გარეშე თუ რამდენ ხანს გაგრძელდება ეს, თუმცა სანამ გრძელდება, მინდა ამას მხარი დავუჭირო - ევროკავშირის გადაწყვეტილების შემდეგ, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს და ეს ამ გადაწყვეტილებების საოცრებაა, ხელისუფლების რიტორიკა მოულოდნელად შეიცვალა. ის გავრცელდა საქართველოში მთელს სპექტრზე, ყველა სრულიად პროევროპული გახდა და გარდა ამისა, ახლა ყველა ამბობს, რომ თავად იყო მთავარი ფაქტორი და ეს კარგია. ევროპის ამ გადაწყვეტილებიდან და პრემიერ-მინისტრის ცვლილებიდან, ჩვენ ძალიან უცნაურ რაღაცებს ვხედავთ. არ მთხოვოთ ავხსნა, რა არის მიზეზი, შემიძლია, გითხრათ თუ რას ვხედავ და როგორი ინტერპრეტაცია მაქვს, მაგრამ არ დარწმუნებული, რომ სწორი ახსნა მაქვს. გვყავს ახალი პრემიერ-მინისტრი, ადამიანი, რომელმაც შარლ მიშელის დოკუმენტი უარყო და რომელსაც ყველაზე ანტი-დასავლური პროპაგანდისტული რიტორიკა ჰქონდა ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში. მოულოდნელად, ახალი პრემიერ-მინისტრის ამპლუაში, ის პირველი ვიზიტით ბრიუსელში მიდის და ამტკიცებს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ბრიუსელი პირველი ვიზიტის ადგილი იყოს. თითქმის ყოველდღიურად ევროპელ ელჩებს იღებს, რათა აღნიშნოს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია 9 რეკომენდაციის იმპლემენტაცია. იღებს ამერიკელ ელჩს, რათა თქვას, რომ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორ აშშ-თან ურთიერთობები უნდა გავაღრმაოთ. თუ ეს არის ევროპული გადაწყვეტილების შედეგი, ვფიქრობ, ამ ცვლილებაზე უნდა ვკონცენტრირდეთ და იმავე მიმართულებით განვაგრძოთ. ძალიან კარგია, როდესაც ამ ძალიან ნათელ პოზიციაზე ხარ”, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა. 

საქართველოს პრეზიდენტმა "ქართული ოცნების" დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის შესახებ დასმულ შეკითხვასაც უპასუხა და თქვა, რომ მისი პოლიტიკაში დაბრუნება "ნიშნავს პასუხისმგებლობასა და საჭიროებას ამომრჩევლებს პასუხი გასცეს მიღებულ გადაწყვეტილებებზე":

"საქართველოს არაფორმალური ძალაც გარკვეულწილად შეიცვალა, რადგან არაფორმალური ლიდერი საჯარო სივრცეში დაბრუნდა. ეს ნიშნავს, რომ არსებობს რაღაც, რაზეც რეაგირება უნდა მოახდინონ. ის (ბიძინა ივანიშვილი) საჯარო სივრცეში დაბრუნდა, როგორც "ქართული ოცნების" პარტიის საპატიო თავმჯდომარე, რაც ორ რამეს ნიშნავს: პასუხისმგებლობასა და საჭიროებას, ამომრჩეველს პასუხები გასცეს მიღებულ გადაწყვეტილებებზე. ასე რომ, არჩევნების დროს ეს მოხდება, ეს იქნება საზოგადოებისთვის პასუხების გაცემა რიტორიკაზე, გადაწყვეტილებებზე, წარმატებაზე, იმ გზაზე, რომელიც ქართველ ამომრჩეველს სურს. საქართველომ 30 წელი ერთპარტიულ სისტემაში იცხოვრა, სხვადასხვა რეჟიმებში და ყველა ერთნაირად ასრულებს, დეტალებში არ შევალ, მაგრამ ასე ხდება, როდესაც ერთპარტიული სისტემით ძალიან დიდხანს რჩები ხელისუფლებაში. საუკეთესო რამ, რაც შეიძლება საქართველოში მოხდეს, ეს პოლონური მოდელი იქნება, როდესაც არსებობს ძალების კოალიცია, რომლებიც ნათლად პროდასავლურები არიან და ეს ნიშნავს ოლიგარქიის დასასრულს. შესაძლოა, იყვნენ სხვადასხვა ოლიგარქები, თუმცა არ იქნება ერთი ვერტიკალი და ეს გარკვეულწილად პასუხია ძალაუფლების პოლარიზებაზეც".

სალომე ზურაბიშვილმა ისაუბრა საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულებაზე ჩინეთის მიმართ და აღნიშნა, რომ "ჩინეთი უფრო აქტიური ხდება საქართველოში".

"ახლა სტრატეგიული პარტნიორობის რეჟიმში ვართ და არ ვიცი, ეს რას ნიშნავს, მე ნუ მკითხავთ. ჩვენ, ასევე მივიღეთ ჩინეთთან უვიზო რეჟიმი. გარდა ამისა, ჩინეთი საქართველოში აქტიურია ბევრ ინფრასტრუქტურულ პროექტში, რადგან იაფია, პატივს არ სცემს ბევრ კანონსა და შრომის უფლებებს, მაგრამ ეს იმიტომაც ხდება, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორები ნაკლებად არიან ჩართულები. ალბათ, დიდ ინფრასტრუქტურულ პროექტებში მეტი ჩართულობა გვჭირდება დასავლელი პარტნიორების მხრიდან. ერთ-ერთი მათგანი ძალიან მნიშვნელოვანია - ანაკლიის პორტი. მას არსებითი მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან, შავი ზღვრის უსაფრთხოება არის საკითხი, რომელიც, ალბათ, ყველას გვეხება. შავ ზღვაზე საქართველოს სანაპირო არსებითი მნიშვნელობისაა, რათა რუსეთს არ ჰქონდეს ექსკლუზიური უფლება შავი ზღვის თანამშრომლობაზე, ვაჭრობაზე, და ა.შ.”, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

პანელური დისკუსიის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე, საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა ისიც, რომ "არ გეგმავს მომავალში პოლიტიკური ლიდერი გახდეს". 

 

0 კომენტარი

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება, აუცილებელი ველები მონიშნულია *