საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, ბრიტანულ Sky News-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ რუსეთი საქართველოში სამჯერ შეიჭრა, შესაბამისად, "ჩვენ ვიცით რას ნიშნავს, როდესაც ცხოვრობ იმპერიის გვერდით, რომელიც არ წყვეტს იყოს იმპერიალისტური". პრეზიდენტმა ისაუბრა უკრაინაში მიმდინარე რუსულ სამხედრო აგრესიაზე და აღნიშნა, რომ საქართველოსა და უკრაინას პარალელური ისტორიები აქვთ. 
"დარწმუნებული არ ვარ, რომ უკრაინელებს რაიმე რჩევა უნდა მივცეთ, რადგან ჩვენ თითქმის პარალელური ისტორიები გვქონდა: მე-19 საუკუნის იმპერიალისტური რუსეთი, მე-20 საუკუნის საბჭოთა რუსეთი, გვქონდა შემოსევები, ჩვენ ეს ყველაფერი ერთად გავიარეთ. ასე რომ, ჩვენ ერთ გზაზე ვდგავართ, ვიცით, რომ ჩვენი ერთადერთი პერსპექტივა ევროკავშირთან მეტი დაახლოებაა და ეს ის გზაა, რომელსაც უკრაინასთან ერთად მივუყვებით. ჩვენ, მოლდოვასთან ერთად, ასოცირებული ტრიო ვიყავით და უკრაინაში ომმა ეს გზა, ფაქტობრივად, დააჩქარა და ჩვენი ქვეყნები კანდიდატის სტატუსამდე მიიყვანა", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. 
შეკითხვაზე, "თქვენ ამას ამბობთ ქალბატონო პრეზიდენტო, მაგრამ თქვენი იმპიჩმენტის მცდელობა იყო იმის გამო, თუ რამდენად ახლოს ხართ ევროპასთან", პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა უპასუხა, "დიახ, მაგრამ იმპიჩმენტი არ მოხდა": "ეს არ იყო წარმატებული. გასულ წელს მიღებული რეალური გადაწყვეტილება საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაა - ეს არის მთავარი გადაწყვეტილება, რომელმაც ნამდვილად მტკიცედ წაგვიყვანა იმ მხარეს, საითაც უნდა წავსულიყავით, საითაც მიდიოდა საქართველო მთელი თავისი ისტორიის განმავლობაში". საქართველოს პრეზიდენტმა ისაუბრა ქვეყანაში არსებულ რუსეთის გავლენაზე და შეკითხვაზე, ღელავთ თუ არა, რომ რუსეთს ისევ აქვს ამხელა გავლენა ქვეყანაზე, მან განაცხადა: "რა თქმა უნდა. ვფიქრობ, ეს ყველას უნდა აწუხებდეს, არა მხოლოდ ჩვენ".
"ჩვენ ეს გვაწუხებს, რადგან ჩვენი ტერიტორიების 20% ოკუპირებულია; ჩვენ ეს გვაწუხებს, რადგან ოქტომბერში ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები გველოდებდა და ვიცით, ბევრი სხვა, ჩვენზე ბევრად უფრო ძლიერი ქვეყნის გამოცდილება - როგორ შეუძლია რუსეთს არჩევნებში ჩარევა და როგორ შეუძლია რუსეთს ჰიბრიდული ომის გაჩაღება. ამას ჩვენ პირადად განვიცდით - კიბერშეტევები, ეკონომიკური ზეწოლის შესაძლო გამოყენება, პროპაგანდა, მარგინალური ჯგუფების დაფინანსება. საქართველოში პრორუსული ჯგუფები ნამდვილად მარგინალურები არიან, რადგან ჩვენ ოკუპირებული ტერიტორიები გვაქვს და გვახსოვს... ჩვენი ტერიტორიები ახლაც ოკუპირებულია, ამიტომ ასეთი საზოგადოებისათვის პრორუსული ჯგუფებისა და პარტიების ყოლა საკმაოდ რთული წარმოსადგენია, მაგრამ არიან პრორუსული [ჯგუფები], რომლებიც ამის შესახებ ღიად არ აცხადებენ, შემოედინება დაფინანსება ამ ჯგუფებისა და ანტიდასავლური პროპაგანდის გარკვეული ფორმების მხარდასაჭერად. საქართველოში ვხედავთ იმას, რასაც სხვაგანაც ვხედავთ და დარწმუნებული ვარ, წელს კიდევ უფრო მეტს დავინახავთ, ამიტომ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ", - აღნიშნა Sky News-თან ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.

 

0 კომენტარი

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება, აუცილებელი ველები მონიშნულია *