საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკამ საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის დაწესების გადაწყვეტილება მიიღო. მისივე განცხადებით, "ეს არის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს ჩინეთში მოგზაურობას გაუმარტივებს და შექნბუს ახალ შესაძლებლობას ქვეყნებს შორის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული კავშირების გასავითარებლად".
„ჩინეთის სახალხო რესპუბლიკამ გადაწყვიტა, საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოიღოს. საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ ჩინეთში უვიზოდ ზედიზედ 30 დღე დაყონ. ეს უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებაა, რომელიც ჩვენს თანამოქალაქეებს ჩინეთში მოგზაურობას გაუმარტივებს და შექმნის ახალ შესაძლებლობებს საქართველოსა და ჩინეთს შორის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული კავშირების კიდევ უფრო მეტი განვითარების თვალსაზრისით. ეს გადაწყვეტილება საქართველოსა და ჩინეთს შორის შარშან ხელმოწერილი სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების მორიგი უმნიშვნელოვანესი პრაქტიკული შედეგია. მინდა მივულოცო ჩვენს თანამემამულეებს და მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს ჩინელ მეგობრებს, ჩინეთის ხელისუფლებას ამ უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებისთვის",- განაცხადა პრემიერმა კობახიძემ.
საქართველოს მთავრობის სხდომაზე გაჟღერებულ ინფორმაციას, პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი მალევე გამოეხმაურა და თქვა, რომ სიახლე "ხაზს უსვამს ჩინეთის დამოკიდებულებას ქართველი ხალხისა და საქართველოს მიმართ".
„ბევრი არ არის ის ქვეყანა, რომელსაც ჩინეთთან უვიზო მიმოსვლა აქვს. ის ფაქტი, რომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკამ საქართველოსთან დაკავშირებით ეს გადაწყვეტილება მიიღო, ხაზს უსვამს მათ დამოკიდებულებას ქართველი ხალხისა და საქართველოს მიმართ, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის მიმართ, რომელიც დოკუმენტურად ჯერ კიდევ ახალგაზრდაა ამ მხრივ, თუმცა უკვე ბევრი ასეთი შედეგი გამოიღო. პირველ რიგში, ეს ჩვენი მოქალაქეებისთვისაა ძალიან მნიშვნელოვანი. იცით, რომ საქართველოს პასპორტის სიძლიერე წლიდან წლამდე იმატებს. ამიტომ ყველა ქვეყანას, განსაკუთრებით ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს მოვუწოდებ, საქართველოსთვის უვიზო რეჟიმი შემოიღონ. საქართველოში სულ 3,5 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. არ მგონია ისეთი ბევრნი ვიყოთ, რომელიმე ქვეყანას ჩვენ მიმართ რაიმე კითხვის ნიშნები და შიშები ჰქონდეთ, რომ ამა თუ იმ ქვეყანაში ჭარბად გადასვლა მოხდება. კულტურული კავშირებისთვის, ადამიანებს შორის კავშირებისთვის, უვიზო მიმოსვლას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა. ჩვენ ვნახეთ, მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა ჩვენთვის საკუთარი საზღვრები უვიზოდ გახსნა, რა შესაძლებლობები მიეცათ ჩვენს ახალგაზრდებსა და მოქალაქეებს - იმოგზაურონ ევროკავშირში, ისწავლონ და ამით უფრო დაახლოვდნენ ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეებთან. როდესაც ასეთ გადაწყვეტილებას სხვა ქვეყნებიც მიიღებენ, ეს უფრო გააძლიერებს ქვეყნებსა და ხალხებს შორის ურთიერთობას. ეს ასევე გულისხმობს ეკონომიკური ურთიერთობების ინტენსივობას, როცა ქვეყნებს შორის მიმოსვლა არის ადვილი. ეს აადვილებს კონტაქტებსაც, კავშირებსაც, რაც შემდეგ უკვე გადაიზრდება და გადაითარგმნება ეკონომიკურ ურთიერთობებში და საქართველოში უფრო მეტ ინვესტიციებში“,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.
0 კომენტარი