საქართველოს პრეიზდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, ორბელიანების სასახლეში, საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე მოწვეულ ახალგზარდებს მიმართა, რომ "მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს, რა ძალები გვებრძოდნენ 25 თებერვალს და რა ძალები იბრძვიან ახლა". მისივე განცხადებით, მოახლოებული არჩევნებისთვის "ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ", მათ შორის, რუსული პროპაგანდის გააქტიურებისათვის.
"19 თებერვლიდან 25 თებერვლამდე ვნების კვირაა და უცნაურია, რომ 25 თებერვალი სწორედ პარასკევია, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ დავამარცხეთ 25 თებერვალი და დავამარცხეთ იმით, რომ დღეს საქართველო არის არამხოლოდ დამოუკიდებელი, არამხოლოდ სუვერენული ქვეყანა, არამედ, უკვე ევროკავშირის კანდიდატი. ეს ალბათ ყველაზე დიდი გამარჯვებაა, მაგრამ არ დაიჯეროთ, რომ ასეთი გამარჯვებები არ იწვევს თავის რეაქციებსა და სხვა, ახალ მცდელობებს. ამიტომ დღეს ძალიან მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს 25 თებერვალი, გვახსოვდეს, რა ძალები გვებრძოდნენ მაშინ და რა ძალები გვებრძვიან დღეს. ჩვენ ახლა, ძალიან რთულ პერიოდში შევდივართ, როცა ვამზადებთ არჩევნებს, რომლებიც (ყველა გვეუბნება და) ჩვენც კარგად ვიცით, გადამწყვეტი იქნება იმისათვის, რომ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი, ანუ მოლაპარაკებების გახსნის შემდეგი ნაბიჯი გადავდგათ. ამიტომ, ამ არჩევნების ირგვლივ ყველა იმ შავბნელი ძალების სასწაული ბრძოლა იქნება, რომლებსაც არ სურთ არც საქართველოს დამოუკიდებლობა, არც საქართველოს სუვერენობა, არც საქართველოს ევროპულობა. ამიტომ, ეს არჩევნები ერთგვარად იქნება, "ევროპა, თუ არა ევროპა" - ამ ტიპის არჩევნები და ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ. რუსული პროპაგანდის გააქტიურებისათვის, რომელსაც უკვე ვხედავთ. პრორუსული ჯგუფების გააქტიურებისთვის, რომელსაც ასევე ვხედავთ, შეიძლება თავის თავს ასე არ უწოდებენ, მაგრამ ჩანს, რაც არიან და ასეთები ბევრი იქნება და მათი დაფინანსება ალბათ, არ გაუჭირდებათ. მთავარი, რაც მინდა გითხრათ არის ის, რომ უნდა იყოთ მობილიზებულნი. ეს თქვენი ქვეყანაა, თქვენი მომავალი და თქვენი სახელმწიფო. უნდა იყოთ მობილიზებულნი და ფხიზლად და რაც მთავარია, უნდა აკეთოთ თქვენი საქმე. ხალხის მობილიზაცია, ახალგაზრდების მობილიზაცია არის ის, რასაც რეალურად შეუძლია დაამარცხოს ყველა სხვა მცდელობა, რაც შეიძლება იყოს. მზად უნდა ვიყოთ, მაგრამ არაფრის არ უნდა გვეშინოდეს", - მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა ახალგაზრდებს.
0 კომენტარი