საქართველოს მმართველი პარტიის პირველი პირები, სულ უფრო აქტიურად აჟღერებენ პოლიტიკურ გზავნილს, რომ ოქტომბერში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში, "ქართული ოცნება" საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებას შეძლებს. გთავაზობთ, ბოლო ერთი თვის განმავლობაში, პარტიის ლიდერების ე.წ. მესიჯბოქსს არჩევნებამდე რვა თვით ადრე: 

ირაკლი კობახიძე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, 6 თებერვალი, 2024:

„ჩვენი სურვილია, მივიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა. ბოლო კვლევების მიხედვით, 60%-თან ახლოსაა ჩვენი რეიტინგი, შესაბამისად, ამის ძალიან კარგი შანსი გვაქვს. ასევე, მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება ნაკლები რადიკალური ოპოზიციური პარტია შევიდეს პარლამენტში. ამის ყველანაირი რესურსი არსებობს, გვაქვს ძალიან კარგი სასტარტო პოზიციები იმისათვის, რომ ამ საპარლამენტო არჩევნებში მივიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა. დავაზუსტებ - საკონსტიტუციო უმრავლესობაში ვგულისხმობ 113 მანდატს და არა - 100 მანდატს". 

ირაკლი ღარიბაშვილი, პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, 15 თებერვალი, 2024:

"ჩვენი პარტია უნდა მოემზადოს არჩევნებისთვის. მოგეხსენებათ, ჩვენი გაცხადებული მიზანია, რომ მაქსიმალური შედეგი მივიღოთ ამ არჩევნებზე. ამისთვის საჭიროა ჩვენი რესურსების, აქტივის მაქსიმალურად მობილიზება, რომ მივიღოთ ძლიერი გამარჯვება და ძლიერი შედეგი ამ არჩევნებზე. მე გავიმეორებ ჩვენს მიზანს - ჩვენი მიზანია მივიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა". 

შალვა პაპუაშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, 16 თებერვალი, 2024 წელი:

„ქართული ოცნების“ არჩევნებში გამარჯვება არავისში ეჭვს არ წარმოშობს. ნებისმიერი გამოკითხვა აჩვენებს, სად არის „ქართული ოცნება“ და ერთად აღებული „ნაციონალური მოძრაობა“ ყველა დანაყოფით. ეს მაჩვენებელი იმის თქმის უფლებას გვაძლევს, რომ 100 ხმაზე კი არა, ჩვენ 113 ხმაზე ვსაუბრობთ. საკონსტიტუციო უმრავლესობა სწორედ 113 მანდატია. დამაჯერებელი მოგების გარდა, არჩევნებში ქართველი ხალხი ყველას, ყველა რადიკალს ხმას გააგონებს შიგნითაც და გარეთაც, რომ ქართველი ხალხი არ დაუშვებს მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის რეკონსტრუქციას. ამიტომ მნიშვნელოვანია, ქართველი ხალხი დაირაზმოს და საკონსტიტუციო უმრავლესობა „ქართულ ოცნებას“ მიანიჭოს. უკვე მეცხრე თუ მეათე არჩევნები ტარდება და ოპოზიცია ყველა ჯერზე ამბობდა, რომ იმარჯვებდნენ, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ქართველმა ხალხმა მათ საკუთარი ადგილი მიუჩინა. კიდევ ერთხელ გამოჩნდება, სად დგას ქართველი ხალხი. ქართველმა ხალხმა ამ საპარლამენტო არჩევნებში უნდა თქვას, რომ მისთვის მნიშვნელოვანია ამ ქვეყანაში იყოს მშვიდობა და არა – ომი, იყოს ეკონომიკური წინსვლა და არა – ეკონომიკური კატასტროფა. ოპოზიციისთვის ხმის მიცემა არის ომი საქართველოში"  

კახა კალაძე, თბილისის მერი და "ქართული ოცნების" გენერალური მდივანი, 22 თებერვალი, 2024: 

„მინდა, ხაზი გავუსვა, რომ „ქართული ოცნება“ ერთადერთი პოლიტიკური პარტიაა, რომელსაც შეუძლია არჩევნების მოგება კონსტიტუციური უმრავლესობით. რაც შეეხება სხვა დანარჩენ ყველა პარტიას, ისინი იბრძოლებენ ბარიერის გადალახვისთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ. 

20 თებერვალს "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ასევე თქვა: „არჩევნებში ჩარევის შესაძლებლობა არავის აქვს, არც რუსეთს, არც ევროკავშირს, არც აშშ-ს. ამას ვერავინ შეძლებს. საქართველოში არჩევნები ჩატარდება დემოკრატიულად, როგორც ტარდებოდა. 2012 წლის შემდეგ, ყველამ იცის, როგორ ვატარებთ არჩევნებს და ეს სტანდარტი იქნება შენარჩუნებული. ყველა პოლიტიკურ პარტიას, პოლიტიკოსს ექნება შესაძლებლობა, აწარმოოს თავისი საარჩევნო კამპანია, შეხვდეს მოსახლეობას, გააცნოს თავისი ხედვები და შეხედულებები, თუმცა არჩევნებში ჩარევას ვერცერთი ქვეყანა ვერ შეძლებს“. 

 

 

 

0 კომენტარი

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება, აუცილებელი ველები მონიშნულია *