აშშ-ის ელჩმა საქართველოში, რობინ დანიგანმა, მედიასთან თქვა, რომ "შეერთებული შტატები ორიენტირებულია საქართველოს თავისუფალი, სამართლიანი, კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფაში დაეხმაროს".
„არჩევნებზე უფრო ზოგადად ვისაუბრებ. საქართველოშიც და ამერიკის შეერთებულ შტატებშიც საარჩევნო წელია. სამართლიანი არჩევნები ძლიერი დემოკრატიის ქვაკუთხედია. ასე რომ, შეერთებული შტატები ორიენტირებულია, დაეხმაროს საქართველოს, თავისუფალი, სამართლიანი, კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფაში. ჩვენ მჭიდროდ ვმუშაობთ სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფებთან, ოპოზიციურ პარტიებთან და მმართველ პარტიასთან და განსაკუთრებით ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან, რათა საქართველოს მოქალაქეებმა იცოდნენ, რომ მათი ხმა სამართლიანად იქნება დათვლილი, რომ მათი ხმები ფარულია, და რომ პროცესი არის თავისუფალი და სამართლიანი. ასე რომ, მე მოუთმენლად ველი, რომ ქართველებმა გამოიყენონ თავიანთი დემოკრატიული უფლება და მისცენ ხმა და ამერიკელებმაც იგივე გააკეთონ შეერთებულ შტატებში“, - აღნიშნა შეერთებული შტატების ელჩმა.
დიპლომატის განცხადებით, საქართველოსა და შეერთებულ შტატებს სხვადასხვა სფეროში მტკიცე სტრატეგიული პარტნიორობა აკავშირებთ და ვაშინგტონის მიზანია, "საქართველოს ევროკავშირის წევრობის გზაზე დაეხმაროს".
"საქართველოსა და აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობა ძალიან მტკიცეა სხვადასხვა სფეროში – უსაფრთხოების სექტორში, განათლების სფეროში, ჯანდაცვაში, ადამიანებს შორის კავშირები მტკიცეა. ჩვენი მთავარი პრიორიტეტია საქართველოს მხარდაჭერა იმ გარდაქმნების პერიოდში, როდესაც საქართველო ხდება ევროკავშირის წევრი სახელმწიფო. ჩვენ გვსურს, საქართველო იყოს ევროკავშირის წევრი. ერთ-ერთი პირველი, რაც საქართველოში ჩამოსვლისას გავაკეთე, იყო ვიზიტი ბრიუსელში, სადაც ვისაუბრე ევროკავშირის კანდიდატობაზე. ძალზე კმაყოფილი ვარ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი პირველად ბრიუსელს ეწვია. იმედი მაქვს, მომდევნო წლებში ჩვენ საქართველოს ვიხილავთ ევროკავშირის წევრად“, - განაცხადა ამერიკელმა დიპლომატმა.
0 კომენტარი