პარტია "საქართველოსთვის" ლიდერმა, გიორგი გახარიამ, მის პირად Youtube არხზე, ყოველკვირეულ ინტერვიუში აღნიშნა, რომ "ქართული ოცნება" მივიდა მარტივ პრინციპამდე, "თუ არ მეთანხმდები, მტერი ხარ". ჟურნალისტის შეკითხვაზე, "რა პრინციპული სხვაობაა მაშინდელ "ქართულ ოცნებასა" და დღევანდელს შორის, გიორგი გახარია პასუხობს, რომ ინსტიტუციები შინაარსისგან დაცლილია.
"ამ სამი წლის მანძილზე, მაგალითად, მიშა სააკაშვილი დაბრუნდა საქართველოში, ძალიან ორიგინალურად. მაგალითად, ამ სამი წლის განმავლობაში, მიუხედავად იმისა, რომ ყველანაირი პირობა დადო, ივანიშვილს მოუწია სამალავიდან გამოსვლა და პოლიტიკაში დაბრუნება. მე რომ დავრჩენილიყავი, არცერთი არ მოხდებოდა. ამაში აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ. ყველაზე მნიშვნელოვანი სხვაობაა ის, რაც მაშინ ვიგრძენი და გადამადგმევინა ეს ნაბიჯი (პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომა). დღეს პოლიტიკა შინაარსისგანაა დაცლილი და ეს პრაქტიკულ ქმედებებში გამოისახა. მაგალითად, დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ კონსტიტუცია დაიცალა შინაარსისგან. ინსტიტუტების ბალანსი აღარ არსებობს. ხელისუფლების შტოების დაყოფა აღარ არსებობს. დღეს უკვე პარლამენტია შინაარსისგან დაცლილი, რადგან პარლამენტი საზედახმედვლო ფუნქციას ვეღარ ახორციელებს და მაგალითად, შესაძლებელია საგამოძიებო საპარლამენტო კომისიის დროს, მმართველი პარტია იყოს დარბაზში და კომისიის არშექმნას რომ მიაღწიოს, არ დარეგისტირდეს. პრეზიდენტის ინსტიტუტი დაიცალა შინაარსისგან და ამისთვის მთელი იმპიჩმენტის სპექტაკლი დადგა მმართველმა ძალამ. შინაარსისგან დაიცალა სასამართლო სისტემა, როგორც სამართლიანობის განმახორციელებლი მთავარი ინსტიტუტი. შინაარსისგან დაიცალა ოპოზიცია, რადგან კოლექტიური "ოცნება" ცდილობს ყველა სახის დისკრედიტაციის გარდა, უბრალოდ, მოისყიდოს ოპოზიციური პარტიები. შინაარსისგან დაიცალა ხშირ შემთხვევაში, მაგრამ არა ყოველთვის, საექსპერტო საზოგადოება, დამოუკიდებლობის ხარისხი არ აქვს. შინაარსისგან დაიცალა მედიის თავისუფლება, ხშირ შემთხვევაში, არა ყველგან და ყოველთვის. ქვეყანაში განსხვავებული აზრი აღარ აღიქმება. განსხვავებულ აზრს მმართველი ძალა აფასებს როგორც მტრობასა და ღალატს. მარტივ პრინციპამდე მივიდნენ, რომ თუ არ მეთანხმები, მტერი ხარ და ეს არის ყველაზე დიდი განსხვავება. თვითონ გუნდშიც განსხვავებული აზრის სივრცე აღარ დარჩა. ეს სახიფათოა, პირველ რიგში, ქვეყნისთვის. ოპოზიციური ტელევიზიები არის, კრიტიკულიც ხშირ შემთხვევაში, მაგრამ თუ ურთიერთგაცვლა არ ხდება და არანაირ დისკუსიაში არ შედის, ეს უბრალოდ რადიკალიზაციას უწყობს ხელს. მთავარი პრობლემაა, რომ კონსესუსი და კომპრომისი, როგორც მთავარი ინსტრუმენტი, აღარ არსებობს", - აღნიშნა ოპოზიციონერმა ლიდერმა.
მისივე თქმით, ამჯერად მიმდინარეობს სპეციალური ოპერაცია იმისთვის, რომ "პრემიერ-მინისტრის ინსტიტუტიც შინაარსისგან დაიცალოს".
"სამწუხაროდ, ქვეყანაში, არამხოლოდ პოლიტიკაში, არამედ სხვადასხვა სფეროში, ფულის ფაქტორი მნიშვნელოვნადაა შემოსული. რა თქმა უნდა, ეს ფაქტორია და სიახლეს არ ვამბობ, მაგრამ მთავარი არის ის, რომ პოლიტიკაში, მედიაში, საექსპერტო საზოგადოებაში და იმ საზოგადოებაში, ვისაც აქვს პირდაპირი ზემოქმედება ჩვენი მოქალაქეების აზრის ჩამოყალიბებაზე, მათ ინფორმირებულ არჩევანზე, ფულის როლი უნდა გაქრეს. არ შეიძლება პოლიტიკაში, მედიაში, საექსპერტო საზოგადოებაში ადამიანები მიდიოდნენ გასამდიდრებლად. ეს ის სფეროებია, სადაც ყველას უნდა ესმოდეს, რომ ვემსახურებით საქართველოს მოქალაქეებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მივალთ იქ, სადაც მივიდა ჯერ ნაციონალური მოძროაბა და სადაც საწმუხაროდ, ჩემი დიდი იმედგაცრუების ფასად, პირდაპირ მიექანება "ქართული ოცნება". დღეს შინაარსისგან დაცლილია კონსიტიტუცია, პარლამენტი, პრეზიდენტი, სასამართლო სისტემა, ხშირ შემთხვევაში ოპოზიცია და რეალურად, ახლა რაც ხდება, არის ის, რომ მიმდინარეობს სპეციალური ღონისძიება პრემიერის ინსტიტუტის შინაარსისგან დასაცლელად და საბოლოო ჯამში, ქვეყანაში გვყავს ერთი ინსტიტუტი - ივანიშვილი. ეს ყველაფერი კონცენტრირებულია ერთ ინსტიტუტში - ივანიშვილის ინსტიტუტში. ეს ქვეყნისთვის უდიდესი რისკია როგორი გენიოსიც არ უნდა იყოს", - განაცხადა პარტია "საქართველოსთვის" ლიდერმა.
0 კომენტარი