პარტია "საქართველოსთვის" ლიდერმა, გიორგი გახარიამ, მის პირად Youtube არხზე ყოველკვირეულ ინტერვიუში, სამი წლის წინ, პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის დღის გახსენებით დაიწყო საუბარი და აღნიშნა, რომ გადაწყვეტილების მიღებისას, როგორც სამთავრობო კაბინეტში, ისე პარტია "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოში, უმრავლესობა მის აზრს იზიარებდა და "მთავრობის მნიშვნელოვანი ნაწილი" მასთან ერთად თანამდებობიდან გადადგომას აპირებდა.
"ამ თემაზე ლაპარაკი რომ არ მიყვარს, ამას ობიექტური მიზეზები აქვს. ბევრ ადამიანს აინტერესებს ჩემი და "ქართული ოცნების" წარსული ცხოვრებიდან ბევრი სხვადასხვა დეტალი. ეს ჩვენი საერთო ისტორიაა და მოგვწონს თუ არ მოგვწონს, ეს ქვეყნის ისტორიაცაა. ამიტომ, პირველ რიგში, ვუფრთხილდები, რომ ქვეყანა არ დავაზიანოთ და მეორე, არ მჭირდება წარსულის გახსენება ან გამოყენება, განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში იმისთვის, რომ მიზანს მივაღწიოთ. ამიტომ, ვცდილობ გვერდი კი არ ავუარო, რადგან არაფერი დასამალი არ მაქვს, არამედ წარსულზე არ ვიჭორაო და ვეცდები, ეს ხაზი დავიჭირო. ამიტომ მჭირდებოდა ივანიშვილთან დებატები და მჭირდება დღესაც და მოუთმენლად ველოდები თანხმობას, რადგან სხვა გამოსავალი უბრალოდ არ იქნება. ისე ვითარდება სიტუაცია, რომ მოუწევთ. იქ, სადაც არსებობს მცირედი შესაძლებლობაც იმისა, რომ დაზიანდეს ქვეყანა, ამას არ გავაკეთებ და არ გამოვიყენებ, არ მჭირდება. ის ღამე ბევრი ადამიანის მეხსიერებაშია, ბევრი ადამიანი იყო ჩართული. დღეს "ოცნების" პოლიტიკურმა ლიდერებმა ძალიან კარგად იციან, რა ხდებოდა, მაგრამ ამაზე საუბარმა, შესაძლოა, ქვეყნის შესახებ აღქმები დაამძიმოს. მარტივ მაგალითს მოგიყვანთ. მახსოვს, როდესაც ამ დღეზე საუბარი მიდიოდა, ბევრი ადამიანი მსაყვედურობდა, რატომ გადადექი და რატომ არ გადააყენე, მაგალითად, გომელაური ან რომელიმე სხვა მინისტრიო. სინამდვილეში ისე ხდებოდა, რომ იმ ღამეს მთავრობისა და პოლიტსაბჭოს უმრავლესობა ჩემს აზრს იზიარებდა. მეთანხმებოდნენ იმაში, რა ნაბიჯების გადადგმასაც ვაპირებდი. მეტიც, ჩემი გადაწყვეტილების შემდეგ, როდესაც უნდა გადავმდგარიყავი, მთავრობის მნიშვნელოვანი ნაწილი ჩემთან ერთად აპირებდა გადადგომას. ვინმე სხვა გადამეყენებინა კი არა, მე ეს ხალხი გავაჩერე და ვუთხარი, რომ ნებისმიეირ მსგავსი ნაბიჯი, იმ მომენტში ქვეყანას დააზიანებდა. ასე ვუყურებდი მაშინ და ასე ვუყურებ ახლაც. არ შეიძლება არ გავითვალისწინოთ სახელმწიფოს ინტერესები და ჩვენი პერსონალური ან პოლიტიკური ამბიციებით დავაზიანოთ ქვეყანა და ინსტიტუტები. სამწუხაროდ, ბოლო სამ წელში, ეს ინსტიტუტები ფეხქვეშ გაითელა", - აღნიშნა პარტია "საქართველოსთვის" ლიდერმა.
შეკითხვაზე, დღევანდელი გადმოსახედიდან, "არსებობდა თუ არა რესურსი დასარჩენად, რადგან ბევრჯერ გითქვამთ, რომ შემაკავებლის ფუნქციას ასრულებდით", პარტია "საქართველოსთვის" ლიდერის თქმით, მისთვის კომპრომისის რესურსი ამოწურული იყო.
"კომპრომისის რესურსი აღარ იყო. მომსახურე პერსონალი ვერ გავხდებოდი, ეს ვერასოდეს იქნებოდა ჩემი საქმიანობის მიზანი. ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ დღეს ბევრად მეტი სარგებელი მომაქვს ქვეყნისთვის აქ, ოპოზიციაში, ვიდრე მთავრობაში რომ დავრჩენილიყავი. რა თქმა უნდა, ეს შესაძლებელი იყო. ოღონდ ისეთი კომპრომისების ხარჯზე, რომ ყველანაირი ფასეულობა და ღირსება გადახაზული იქნებოდა. სამწუხაროდ, ეს ყველაფერი ახლა ძალიან კარგად ჩანს", - განაცხადა პარტია "საქართველოსთვის" ლიდერმა გიორგი გახარიამ.
0 კომენტარი