საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, მიუნხენში მიმდინარე უსაფრთხოების კონფერენციაზე, უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. შეხვედრის ფოტო საქართველოს პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
Bloomberg-თან ინტერვიუში, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ "ევროკავშირის კანდიდატობის გზაზე, საქართველო, პირველ რიგში, უკრაინის დამსახურებით მიდის წინ, რადგან მთლიანი პროცესის აჩქარება არ მოხდებოდა, რომ არა უკრაინის სიმტკიცე".
„ევროკავშირის კანდიდატობის გზაზე წინ მივდივართ, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, უკრაინის დამსახურებით, რადგან მთლიანი პროცესის დაჩქარება არ მოხდებოდა რომ არა უკრაინის ასეთი სიმტკიცე, რომელმაც მთელ ევროპას აჩვენა, რომ მათი უსაფრთხოება უკრაინასთანაა დაკავშირებული და უკრაინა ჩვენი უსაფრთხოებისთვის იბრძვის. ასე რომ, ამან ნამდვილად შეცვალა გაფართოებისადმი მიდგომა და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ბოლო წლების განმავლობაში, ჩვენ და საქართველოს მოსახლეობას, რაც შეეძლო ყველაფერი გააკეთა ევროკავშირის გზაზე წინ წასაწევად. ჩვენ ჩვენი წილი ბრძოლა გვქონდა. ჩვენ გავუძელით, ქართული სიმტკიცე სხვა ხასიათისაა, ვიდრე უკრაინის, რა თქმა უნდა, თავისი განზომილებიდან გამომდინარე, თუმცა, ქართული სიმტკიცე ნაკლები არ ყოფილა და ყოველ ჯერზე, როდესაც არსებობს ეჭვი თუ საით უნდა საქართველოს სვლა, ქართული საზოგადოება აჩვენებს რა მიმართულებით უნდა წავიდეს. ესაა ის მიზეზები, რის გამოც ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი. მომავალი ოქტომბრისთვის არჩევნები გვაქვს და დარწმუნებული ვარ, რომ ამ არჩევნების ერთ-ერთი და ყველაზე მთავარი შედეგი, ვინც არ უნდა იქნეს არჩეული, ჩვენი ევროპული გზისა და ევროპული ორიენტაციის მხარდაჭერა იქნება. ეს წაგვიყვანს წინ გაფართოების გზაზე და იმედია, რაც შეიძლება მალე მოლაპარაკებების გახსნამდე. ეს ჩვენი გზაა და მე ამ გზას ყველა ფორმით ბოლომდე მხარს დავუჭერ, რამდენადაც შემიძლია,- აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
ჟურნალისტის შეკითხვაზე, ალექსეი ნავალნის გარდაცვალებასთან დაკავშირებით და ასევე, "საქართველოს ჰყავს მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობა აქვს“, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა უპასუხა, რომ მსგავსი „შედარების მიზეზი არ არსებობს“.
„შედარების მიზეზი არ არსებობს, განსაკუთრებით, ამ შემთხვევაში. საქართველო რუსეთი არ არის და ამას ყოველთვის გავიმეორებ. რაც შეეხება ამ ტრაგიკულ სიტუაციას, რომელიც ალექსეი ნავალნის ეხება... თუ ეს სიმართლეა, თუ ეს დადასტურდება, ვფიქრობ, ეს დამღუპველი და ტრაგიკული იქნება მთელ მსოფლიოში ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიისთვის. რუსეთისთვის კი, ეს უბრალოდ იმას დაადასტურებს, რა რეჟიმია დღეს იქ, მაგრამ ვფიქრობ, რომ ჩვენთვის, ყველასათვის ეს ტრაგედია იქნება“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.
0 კომენტარი