Globalnews.ge-ს შეკითხვაზე, რამდენად მნიშვნელოვანია დიდი რაოდენობით საერთაშორისო დამკვირებლების მობილიზება საქართველოში დაგეგმილ არჩევნებზე, ლიეტუვის სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ჟიგიმანტას პავილიონისი ამბობს, რომ შესაბამის მოწვევას საქართველოს ხელისუფლებისგან ელოდება. ამასთან, მისი შეფასებით, დღეს საქართველო რამდენიმე სკამზე ერთდროულად ყოფნას ცდილობს, "ხან ჩინურ სკამზე და ხანაც, რუსულზე, როცა სჭირდებათ ევროპულზე ან ამერიკულზე გადაინაცვლებენ", რაც დასავლეთისთვის გაუგებარია.
"ჩვენ სიამოვნებით დავაკვირდებით არჩევნებს, თუმცა ჯერ მოწვევა საქართველოს მთავრობისგან უნდა მივიღოთ. ვგრძობ, რომ მათ პირადად ჩემს მიმართაც არ აქვთ დადებითი დამოკიდებულება, თუმცა არ მესმის, რატომ. თუ შენი ქვეყნისადმი კეთილგანწყობილი და გულშემატკივარი მეგობარი გეუბნება, რომ პრობლემაა, როგორც წესი, ასეთ მეგობრებს უსმენენ, ეს ქართველებს ნამდვილად არ ესწავლებათ. მეტიც, საქართველოს მთავრობას მეგობრებისთვის მეტი რომ მოესმინა, ევროკავშირსა და ნატო-ში ჩემპიონის პოზიციას არ დაკარგავდა. დღეს კი ვხედავთ, რომ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების საკითხზე არავინ საუბრობს. შეგახსენებთ, რომ არც ისე დიდი ხნის წინ, არც უკრაინის ალიანსში გაწევრიანებაზე საუბრობდა ვინმე, თუმცა ამაზე სულ უფრო აქტიური და ღია მსჯელობა მიმდინარეობს. არ ვფიქრობ, რომ საქართველოს მთავრობას რაიმე ტიპის სტრატეგია გააჩნია როგორც მოკლევადიან, ისე გრძელვადიან პერსპექტივაში. ასეთ მმართველებს კი, სტრატეგია მხოლოდ საკუთარი სიმდიდრისა და ძალაუფლების შესანარჩუნებლად გააჩნიათ. ჩანს ისიც, რომ ისინი ერთდროულად ყველა სკამზე დაჯდომას ცდილობენ. ხან ჩინურ სკამზე და ხანაც, რუსულზე, როცა სჭირდებათ ევროპულზე ან ამერიკულზე გადაინაცვლებენ. ბიჭებო, ასე არ ხდება. თქვენ უნდა აირჩიოთ და ჩამოყალიბდეთ ბარიკადის რომელ მხარეს ხართ. საუბრები, რომ თითქოს ვინმე საქართველოს ომში ჩაბმას ცდილობს, ეს ხომ უბრალოდ, არასერიოზულია?! ვინც მსგავს განცხადებებს აკეთებდა, ყველამ ვნახეთ, როგორ დაასრულა, მაგალითად, რა ბედი ეწია იანუკოვიჩს. ლუკაშენკოც საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდა იმავე კარტის გათამაშებას დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის, მაგრამ ხომ ვხედავთ, საბოლოოდ სადაც აღმოჩნდა", - აღნიშნა ლიეტუველმა კანონმდებელმა.
მისივე თქმით, საქართველოს მნიშვნელოვანი მომენტი აქვს, რომლის გამოყენებაც აუცილებელია, წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველოს მიზნის მისაღწევად ათწლეულები დასჭირდება.
"საქართველოს კი, რეალურად მნიშვნელოვანი მომენტი აქვს, რომლის გამოყენებაც აუცილებელია. ფაქტია, რომ თქვენ უკვე დააგვიანეთ ევროკავშირის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნის ეტაპზე. ასეთ მომენტს კი, პატარა სახელმწიფოებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. რა თქმა უნდა, საბოლოოდ, ერთად ვიქნებით, უკრაინაც მსოფლიოში ერთ-ერთი უძლიერესი სახელმწიფო გახდება, მაგრამ რატომ უნდა დააგვიანოს საქართველომ ათწლეულობით? ბარიკადების სწორ მხარეს დადგომამ, თავისუფლებამ, კონკურენტულმა გარემომ და ინოვაციამ, ჩვენ, ლიეტუველებს შესაძლებლობა მოგვცა, ჩვენი პატარა ამერიკული ოცნება აგვეხდინა. დღეს ერთ-ერთი უმდიდრესი სახელმწიფო გვაქვს. ავტოკრატია და რუსეთის ღობესთან მიახლობის სურვილი სრულიად საპირისპიროს, ოკუპაციას იწვევს. თუ საქართველოს ომის შიში აქვს, ნატო-ს გარდა, მითხარით მსოფლიოში სხვა ალიანსი, რომელიც საქართველოს უსაფრთოების დაცვას შეძლებს. ვაშინგტონში ნატო-ს 75-ე იუბილე უნდა აღვნიშნოთ, ამ დროს კი, როგორ ფიქრობთ, ჩინეთთან ვალსის ცეკვა გამართლებულია? ვდარდობ იმაზე, რომ შესაძლოა, საქართველომ საკუთარ მიზანთან ათწლეულები დააგვიანდეს. თუ ფიქრობთ, რომ კარი უნდა გაუღოთ ჩინურ ფულს და ეს გაამდიდრებს საქართველოს, სრულიად მცდარ გზაზე ხართ, რადგან ამ ნაბიჯმა, შესაძლოა, მხოლოდ რამდენიმე ადამიანის ჯიბე გაამდიდროს და არა ქართველი ხალხი. ამას ის გამოცდილება მალაპარაკებს, რაც უკვე მაგალითებად გვაქვს როგორც აზიურ ქვეყნებში, ისე აფრიკის სახელმწიფოებში. შეხედეთ, რა მიიღეს მათ ჩინეთთან ურთიერთობით. ასე რომ, საქართველოვ, გვაჩვენე, რომელ მხარეს ხარ? ჩვენ გვიყვარხართ და პატივს გცემთ, დიახ, შესაძლოა, ყველა უშვებს შეცდომას, მაგრამ არა სტრატეგიულს, რადგან ეს, შესაძლოა, თქვენი ქვეყნის არსებობას ძვირად დაუჯდეს", - განაცხადა Globalnews.ge-სთან ინტერვიუში ლიეტუვის სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ჟიგიმანტას პავილიონისმა.
0 კომენტარი