ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი, Globalnews.ge-სთან საქართველოში პრემიერ-მინისტრის შეცვლასა და გადაწყვეტილებებში “ქართული ოცნების” დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის როლს აფასებს და ამბობს, რომ “ბოლო კვირებში განვითარებული პროცესები აბსოლუტურად საპირისპიროა იმისა, რასაც ევროპა საქართველოსგან მოელის”.
"ზოგადად, მთავრობაში განხორციელებულ ცვლილებებში განსაკუთრებული არაფერია, მსგავსი რამ სხვადასხვა ქვეყანაშიც ხდება, მათ შორის, ევროპის ცენტრალურ სახელმწიფოებში, ასე რომ, ამ მხრივ, ბევრს ვერაფერს ვიტყვი, თუმცა ამ შემთხვევაში, უფრო მნიშვნელოვანი ისაა, გავიგოთ, რეალურად რა არის ამ სამთავრობო ცვლილებების მიზეზი და რამდენადაა ის დაკავშირებული ცნობილ ქართველ ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებასთან. მისი პარტიაში საპატიო თავმჯდომარის სტატუსით დაბრუნება და შემდეგ განხორციელებული სამთავრობო ცვლილებები გვაჩვენებს მთლიან სურათს, რომ ეს არ გახლდათ დემოკრატიული პროცესი, ან პარტიის მიერ განხილვით მიღებული გადაწყვეტილება. პროცესების განვითარების დინამიკა აჩვენებს, რომ ეს პირადად ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ მთავრობა და მთლიანად პარტია “ქართული ოცნება” ერთი ადამიანის ტყვეობაშია და ეს პიროვნება გახლავთ ბიძინა ივანიშვილი. სწორედ აქ ვხედავ საქართველოს მთავარ პრობლემას და სწორედ ამიტომ ითხოვდა ევროპული კომისიაც დეოლიგარქიზაციას. ბოლო კვირებში გადადგმული ნაბიჯები კი, ჯერ ბიძინა ივანიშვილის დაბრუნება და შემდეგ მის მიერ განხორციელებული ცვლილებები მთავრობაში აბსოლუტურად საპირისპიროა იმისა, რასაც ევროპა საქართველოსგან მოელის", - ამბობს ევროპარლამენტის წევრი ანდრიუს კუბილიუსი.
შეკითხვაზე, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების პარალელურად, რა მოლოდინი აქვს დასავლეთს საქართველოსგან, როგორც კანდიდატის სტატუსის მქონე სახელმწიფოსგან, ევროპარლამენტარი ამბობს, რომ "ქართულ პოლიტიკურ სისტემაში ოლიგარქის როლი უნდა შემცირდეს".
"ევროპულმა კომისიამ, საქართველოს კანდიდატის სტატუსის მინიჭების გზაზე და მომავალში წევრობასთნ დაკავშირებით მოლაპარაკებების გახსნის შესაძლებლობისთვის ძალიან მკაფიოდ დაავალდებულა, რომ პოლიტიკურ სისტემაში ოლიგარქის როლი უნდა შემცირდეს. ერთმა მდიდარმა ადამიანმა, რომელსაც აქვს პოლიტიკური ამბიციები, არ უნდა ჩაიგდოს ხელში სახელმწიფო. ახლა კი ვხედავთ, რომ ისევ ის წყვეტს ვინ იქნება პრემიერ-მინისტრი და ან მინისტრი სამთავრობო კაბინეტში. ეს გახლავთ მტკიცებულება იმისა, რომ ოლიგარქიის როლი საქართველოში კი არ მცირდება, არამედ იზრდება და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ეს გახლავთ აბსოლუტურად საპირისპირო იმისა, რასაც ევროკავშირი საქართველოსგან მოელის", - აღნიშნა Globalnews.ge-სთან ინტერვიუში ევროპარლამენტის წევრმა.
0 კომენტარი