საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, პარლამენტის ყოველწლიური მოხსენებისას, პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს მიმართა და აღნიშნა, რომ საზოგადოების კითხვების მთავარი ადრესატი „დღეს არც პრემიერია, არც პარლამენტისა და არც მმართველი პარტიის თავმჯდომარე, არამედ ის, ვინც რეალურად მართავს ქვეყანას“. პრეზიდენტმა სწორედ ბიძინა ივანიშვილს დაუსვა საჯარო შეკითხვა კორუფციასთან და ასევე, ქვეყნის საგარეო კურსთან დაკავშირებით.
„საზოგადოებას აქვს სრული უფლება, თქვენგან მოისმინოს, რას ნიშნავს თქვენი დაბრუნებისას წარმოთქმული სიტყვები კორუფციაზე, ქვეყნის საგარეო კურსზე? საზოგადოებამ არ იცის, ვინ რატომ გაუშვით ან ვინ რატომ მოგყავთ - ქვეყნის წინაშე არსებული დანაშაულისა თუ განსხვავებული აზრების გამო უშვებთ, თუ კიდევ სხვა მიზეზების გამო, რაც არ ვიცით? რადგან საზოგადოება მმართველობის ახალ, ევროპულ მოდელს ელოდება, ისიც უნდა იცოდეს და უნდა უთხრათ, თუ როგორ აპირებთ ერთპარტიული, ერთპიროვნული და ვერტიკალური მოდელიდან დემოკრატიულ, ევროპულ მოდელზე გადასვლას და როდის. საზოგადოება თქვენგან პასუხს ელოდება, როდის ჩამოაშორებთ სასამართლოს მურუსიძე- ჩინჩალაძეს მაშინ, როდესაც, ერთის მხრივ, ებრძვით ან ასე ამბობთ, ნაციონალურ მოძრაობას, მეორე მხრივ კი, მის გადმონაშთებს არაფერი ემუქრებათ", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენეტის უმაღლესი ტრიბუნიდან.
საქართველოს პრეზიდენტმა ყოველწლიურ მოხსენებაში ერთ-ერთი ძირითადი აქცენტი გააკეთა კორუფციაზე და აღნიშნა, რომ "ელიტურმა კორუფციამ ქვეყანაში ახალი მასშტაბი მიიღო და რომ ელიტის მადას ზღვარი არ გააჩნია".
"ელიტარულმა კორუფციამ ახალი მასშტაბი მიიღო, რაც იმის მაჩვენებელია, რომ ელიტის მადას ზღვარი არ გააჩნია და რეალურად, არაფერი კონტროლდება და არც ვინმეს პასუხისმგებლობა ვლინდება. ეს იმიტომ, რომ ელიტარული კორუფცია აუცილებელი ცემენტია, რომელიც მონოლითური ძალაუფლების ირგვლივ ჰკრავს სანდო კასტას. ისინი არ ეცილებიან ძალაუფლებაში, სანაცვლოდ კი, დოვლათს ინაწილებენ. ძალაუფლების გაღმერთება და კერპად ქცევა პირდაპირ საბჭოთა მემკვიდრეობაა, თავისი ვერტიკალით, ერთპარტიულობით, ერთპიროვნული გადაწყვეტილებებით, მადლობებით, გადარჩენისთვის საკუთარი თავის დამცირებით და დამნაშავედ ცნობით, კომპრომატებით, მოსმენებით და დასმენებით, კლანებითა და მონებით. აქ საბჭოთა სისტემაზე ვსაუბრობ. დამოუკიდებლობის შემდეგ, ვერცერთმა მთავრობამ ვერ იპოვა თავის თავში ძალა და ნება, რომ ძალაუფლების მონოლითი ბოლომდე ჩამოეშალა და ძალაუფლების დემოკრატიული ბალანსი აღედგინა. ძალაუფლება კი, ხელიდან ხელში გადავიდა, სხვა მეპატრონე გაუჩნდა, მაგრამ სისტემა ძირეულად არ და ვერ გარდაიქმნა. ეს სისტემა გულისხმობს ძალაუფლების ერთ ხელში და ერთ ვერტიკალზე კონცენტრაციას, სასამართლოს და ყველა ძალოვანი უწყებების ძალაუფლების დამხმარე ინსტრუმენტებად გამოყენებას. სასამართლო „კლანი“ სწორედ ამ მარადიული სისტემის ინკარნაციად იქცა: მურუსიძე და ჩინჩალაძე იგივე თავდადებით ემსახურებიან დღევანდელ მმართველ გუნდს, როგორც ემსახურებოდნენ გუშინდელს და თუ არაფერი შეიცვალა, ხვალაც მონახავენ ახალ პატრონს, ვისაც გამოუცხადებენ ერთგულ მსახურებას", - აღნიშნა პრეზიდენტმა.
პრეზიდენტის განცხადებით, "ამ სისტემისათვის დამახასიათებელია ოპოზიციის შევიწროების სურვილი. სისტემას არ სჭირდება არც პოლიტიკური კონკურენტი და არც კრიტიკული აზრი. აქედან გამომდინარე, ავტომატურად ხდება ნებისმიერი ალტერნატივის დემონიზაცია, ანუ უაპელაციოდ მოღალატის, აგენტის, რადიკალის იარლიყის მიკერება".
0 კომენტარი