საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, პარლამენტში წლიური მოხსენებით გამოსვლისას დააანონსა, რომ საკოორდინაციო ცენტრის ჩამოყალიბებას გეგმავს, რომელიც ხელს შეუწყობს შექმნას „ერთობის პლატფორმა ევროპისთვის“. პრეზიდენტმა ოპოზიციურ პარტიებსაც მიმართა და მათ ერთმანეთთან დაპირისპირების დასრულებისკენ მოუწოდა.
"მოგმართავთ თქვენ, ოპოზიციას. თქვენც გაკისრიათ გარკვეული პასუხისმგებლობა. დაასრულეთ ერთმანეთის ლანძღვა, გინება და ერთმანეთთან დაპირისპირება, რომელიც საზოგადოებაში უიმედობისა და ნიჰილიზმის გამღვივებელია. ჩემი საქმე არაა, რომ გიბიძგოთ ან გითხრათ გაერთიანდეთ თუ დაიშალოთ, მაგრამ გეუბნებით, რომ უნდა შეძლოთ ქვეყნისთვის მთავარ პრიორიტეტებზე შეჯერება. საზოგადოებას უნდა აჩვენოთ, რომ ამ ევროპული მიზნის ირგვლივ მაინც შეგიძლიათ ერთად საუბარი, მუშაობა და შედეგის მიღწევა. ოპოზიციის მთავარი მოვალეობაა, რომ მოახდინოს ევროპული არჩევანის მხარდამჭერი საზოგადოების მობილიზაცია და ჩართულობა", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, საერთო ევროპული მიზნის მისაღწევად, საჭიროა მთავარ პრიორიტეტებზე შეჯერება და აღნიშნა, რომ "მზადაა პლატფორმის ჩამოყალიბებაში საკუთარი პასუხისმგებლობა აიღოს, რისთვისაც გეგმავს, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან დააარსოს საკოორდინაციო ცენტრი, რომელშიც ევროპულ პრიორიტეტებზე ყველა კონკრეტულ შეთავაზებას მოუყრის თავს და დიალოგით და კონსენსუსის წესით ხელს შეუწყობს ერთობლივი დოკუმენტის ჩამოყალიბებას".
„მზად ვარ შევხდე და მოვუსმინო ყველას. სხვა გამარჯვების ფორმულა არ არსებობს. გამარჯვების ფორმულაში არ იგულისხმება რომელიმე მხარის თუ პარტიის გამარჯვება, არამედ ერთობის, ევროპულობისა და ქვეყნის გამარჯვება. ისე, როგორც 15 დეკემბერს გაიმარჯვა მთლიანად საქართველომ, ასევე ახლაც საქართველო უნდა გამოვიდეს გამარჯვებული: რეფორმების გატარებითა და სამართლიანი არჩევნების ჩატარებით", - დასძინა პრეზიდენტმა.
„ვიღაცას შეიძლება ძალიან აწყობდეს, რომ გადამიყვანოს პოლიტიკური ჭიდილის არენაზე და რომელიმე პოლიტიკური ძალის, პოზიციის თუ ოპოზიციის ლიდერად წარმომაჩინოს. ამაოდ! ეს გზა გავლილი მაქვს. გაფრთხილებთ ყველას - დაინახეთ და შეიგრძენით, რომ ქვეყანა და ჩვენი უაღრესად დაღლილი და ყველას მიმართ იმედგაცრუებული საზოგადოება ვეღარ იტანს გაუთავებელ სიძულვილს, ერთიმეორის გამომრიცხავ და გამანადგურებელ არჩევნებს, რევანშის ქადაგებას და განტევების ვაცის გაუთავებელ ძიებას. დღეს, ამ ტრიბუნიდან გთავაზობთ არსებული ჩიხიდან გამოსვლის ფორმულას და გზას, რათა არ გავუშვათ ხელიდან ეს უნიკალური შანსი. ქვეყანას სჭირდება ერთობა. საზოგადოებას აღარ სჯერა და აღარ სურს იხილოს არაერთხელ უკვე გავლილი პარტიების გაერთიანების სქემები. ასევე, არ სჯერა ცალ-ცალკე, ტოტალურ გამარჯვებაზე გამოცხადებული პრეტენზიების. სჭირდება რეალური მიზანი და ამ ერთი მიზნის ირგვლივ ცოცხალი ძალების შეკრება და ენერგიის მობილიზება. მიზანი გაგვაჩნია - ევროპული მომავალი. ამისთვის მთავარ პრიორიტეტებზე შეჯერებაა საჭირო. ამის მიღწევა შესაძლებელია ერთობლივი პლატფორმის ჩამოყალიბებით. ეს არის ის, რასაც გთავაზობთ, შევქმნათ, მომავლის ქარტია - ერთობის პლატფორმა ევროპისთვის“, - განაცხადა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.
0 კომენტარი