საქართველოს იუსტიციის მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილე და 2012 წელს, "ქართული ოცნების" დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ყოფილი ადვოკატი, სანდრო ბარამიძე Globalnews.ge-სთან ინტერვიუში აღნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილის მთავარი ამოცანა, "ძალაუფლების შენარჩუნებაა". მას შეკითხვები აქვს "ქართული ოცნების" დამფუძნებლის საგარეო ორიენტირთანაც.
"მართალია, საბედნიეროდ, კანდიდატის სტატუსი მოვიპოვეთ, მაგრამ ერთი წლის წინ, არ ვიცოდით, რომ ამას აუცილებლად შევძლებდით. უფრო პირიქით, ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლებას პირობები შეესრულებინა, გახსოვთ განსახილველად შემოტანილი ე.წ. აგენტების კანონი. შეკითვა მაქვს მათთან, რატომ დგამ ისეთი ნაბიჯებს, რომელიც კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესს ჩააგდებს? საბოლოოდ, ვერ ჩააგდეს, მაგრამ ასეთ რისკზე წასვლა რად გინდა, მითხარი? რაღაც ახსნა ხომ უნდა მოუძებნო? ამერიკაშიც ეგრეაო, აღარ თქვან. ამერიკული კანონი მოქმედებს მისი და მისი მეგობრებისადმი მტრულად განწყობილი ქვეყნების მიმართ, ჩვენ კი, ჩვენს მეგობრებს ვებრძვით და მათ აგენტებს ვეძახით და ვინც მართლა ოკუპანტი ქვეყნის აგენტია და მისი სატელიტი, მათ მოკავშირეებს ეძახი? როდესაც შენი პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის ხელმძღვანელობის მეშვეობით, ჩვენი მეგობარი ქვეყნების პოლიტიკოსებსა და თანამდებობის პირებს უშვერი სიტყვებით ლანძღავ, ამას რა ქვია და რა სქემაში ზის ეს, ამიხსნან და კი ბატონო შევიცვლი აზრს", - ამბობს იურისტი სანდრო ბარამიძე. მან საქართველოში წინასაარჩევნო გარემოც შეაფასა და მიიჩნევს, რომ მმართველი ძალა, არჩევნების გასაყალბებლად ემზადება.
"მუდმივი ღვარძლი და აგრესიაა გარშემო, ეს კი, უკვე აღარ არის თავისუფალი საარჩევნო გარემო. ეს ქვეყანა, არსებული მოცემულობით მარტო იმიტომ არ განვითარდება, რომ ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირები, ასეთი რიტორიკით ურთიერთობენ თანამოქალაქეებთან. ეს არის სრული კოშმარი. რაც შეეხება საარჩევნო გარემოს, სახელისუფლებო პარტიასა და სხვა დანარჩენ პარტიებს შორის, არათანაბარია. დაშინება, შანტაჟი, მოტყუება, მოსყიდვა - ყველაფერს გამოიყენებენ საარჩევნოდ, რადგან "ქართულ ოცნებას" ძალაუფლების დათმობა არ უნდა. ეყოფა თუ არა ეს ყველაფერი ხელისუფლების შესანარჩუნებლად, არ ვიცი. საკონსტოტუციო უმრავლესობაზე აპელირებით, ბიძინა ივანიშვილი აანონსებს, რომ "იმდენს ვიზამ და გავაყალბებ, 60%-ს მივიღებო. სამწუხაროდ, სხვებს, ოპოზიციურ პარტიებს რა ამოცანა აქვთ, საით მოძრაობენ, არ ვიცი. აღსანიშნავია, რომ "ქართულ ოცნებას", კანონმდებლობაში, სერიოზული მახე აქვს ჩადებული. მართალია, საარჩევნო ბარიერი 5%-ია, თუმცა დაფინანსების ბარიერი 1%-ია, რაც დაახლოებით, 20 ათას საარჩევნო ხმას გულისხმობს. 20 ათასი ხმა კი, პარტიის 300 ათასი ლარით დაფინანსებას მოიაზრებს. თუ პარტია 2%-ს აიღებს, უკვე 600 ათასი ლარია, რაც ნებისმიერი "ბუტიკ" პარტიისთვის, კარგი და საკმარისი ფულია იმისთვის, რომ ზედაპირზე იტივტივოს და ერთი-ორმა ლიდერმა, ეკრანებიდან ჭკუა გვარიგოს. შესაძლოა, ამ წვრილმან პარტიებს ურჩევნიათ მარტო იყვნენ. თუ გამსხვილდებიან და გაერთიანდებიან, ეს დაფინანსება ძირითადად იმასთან წავა, ვისი სახელითაც არჩევნებზე გავლენ. გარდა იმისა, რომ საარჩევნო ბლოკები გააუქმეს, "ქართულმა ოცნებამ" ამაზეც "იზრუნა". ამიტომ ოპოზიციური პარტიებისა და ყველა იმ ადამიანის, რომელსაც პოლიტიკური მიზნები გააჩნია, მთავარი ამოცანა უნდა იყოს, რომ საარჩევნო ბარიერი, ოპოზიციური ფლანგიდან ორმა-სამმა პარტიამ მაინც გადალახოს,"- ამბობს Globalnews.ge-სთან ინტერვიუში საქართველოს იუსტიციის მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილე სანდრო ბარამიძე.
0 კომენტარი