საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი ყოფილი მოადგილე და 2012 წელს, "ქართული ოცნების" დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ყოფილი ადვოკატი, სანდრო ბარამიძე, სახელისუფლებო ვერტიკალში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებს აფასებს და ამბობს, რომ გადაადგილებების მთავარი მიზეზი "ახალი ბალანსის შექმნის მცდელობაა".
"თუ ჩემი ვარაუდები სწორია, "როქი", რომელიც ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა, როდესაც ირაკლი კობახიძისა და ირაკლი ღარიბაშვილის თანამდებობები გადაანაცვლა, რეალურად, კალაძესა და ღარიბაშვილს შორის პოზიციების შეცვლას ისახავს მიზნად. შესაძლოა, ვიღაცების მიმართ გარკვეული სამართლებრივი ზომებიც გაატაროს იმის სადემონსტრაციოდ, რომ თითქოს მხოლოდ სიტყვებს კი არ აჟღერებს, მოქმედებს კიდეც. რეალურად კი, ბიძინა ივანიშვილმა ახალი ბალანსი შექმნა, თუმცა ისე, რომ ირაკლი ღარიბაშვილი პარტიაში გადაიყვანა", - აღნიშნა სანდრო ბარამიძემ.
შეკითხვაზე, როგორი პრემიერ-მინისტრი იქნება ირაკლი კობახიძე, იურისტი სანდრო ბარამიძე მიიჩნევს, რომ "მას ნომინალური უფლებები ექნება, რეალური მმართველობითი ფუნქციები კი, ისევ ბიძინა ივანიშვილის ხელში დარჩება".
"ირაკლი კობახიძე იქნება " არანაირი" პრემიერ-მინისტრი. მას მმართველობის გამოცდილება საერთოდ არ აქვს. ის უნივერსიტეტში, აკადემიური საქმიანობით იყო დაკავებული, როდესაც "ქართულ ოცნებაში", ბიძინა ივანიშვილთან ახლომახლო აღმოჩნდა. სახელმწიფოს მართვა კი, სულ სხვა რაღაცაა. სულაც არ სჭირდება განსაკუთრებული მენეჯმენტი იმას, რომ აგრესიულად მორჩილი უმრავლესობა დარაზმო. მთავარია ერთი "მესიჯი" გაუგზავნო, თანაც ისეთი "მესიჯები", რომელიც შენ თვითონ დღეს დილით "ზემოდან", სხვისგან მიიღე. მერე ეს "მესიჯები" დააფორვარდო ე.წ. გუნდის მობილურ ტელეფონებზე და სულ ეგ არის. მთავარი მმართველობითი ფუნქციები, ცხადია, ბიძინა ივანიშვილთან დარჩება, რომელიც თურმე, კულუარულად ისედაც აძლევდა მათ რჩევებს და ახლა, ასე თუ ისე, სააშკარაოზეა გამოსული. ამიტომ მისი რჩევების გარეშე, ირაკლი კობახიძე ერთ ნაბიჯსაც ვერ გადადგამს", - ამბობს ის.
იურისტი მიიჩნევს, რომ ირაკლი კობახიძის პრემიერ-მინისტრობის პერიოდში, მისი რიტორიკა არც საგარეო მიმართულებით შეიცვლება, რადგან "ბიძინა ივანიშვილის ამოცანა, დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობების გაუმჯობესება, არ გახლავთ".
"არამგონია, ღარიბაშვილის პრემიერობის შემდეგ, ბიძინა ივანიშვილის ამოცანა, დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობების გაუმჯობესება იყოს, განსაკუთრებით, სტრატეგიულ პარტნიორებთან. არ ჩანს, რომ ბიძინა ივანიშვილს ეს ამოცანა აქვს. თუ ბიძინა ივანიშვილი გადაწყვეტს და "ქართულ ოცნებას" შემოუბრუნდება გონება, ისეთი ქმედითი ზომები გადადმას, რომელიც ევროპული პარტნიორების მიერ მოცემული "საშინაო დავალებების" სწრაფად და ეფექტურად შესრულებას გულისხმობს, მაშინ ქვეყნის დასავლური ინტეგრაციის პროცესი, ნამდვილად სწრაფად გაგრძელდება. თუმცა შესაბამისი ენთუზიაზმი და სურვილი "ქართულ ოცნმებას" არ გამოუმჟღავნებია. ჩვენ, კანდიდატის სტატუსი, ორი ფაქტორის გათვალისწინებით მოგვანიჭეს - ეს გახლავთ თავად ევროკავშირის გეოპოლიტიკური ინტერესი და ქართული საზოგადოება. რა თქმა უნდა, სტატუსს არ წაგვართმევენ, მაგრამ თუ "ქართული ოცნება" ქმედით ნაბიჯებს არ გადადგამს, გაყინულ მდგომარეობაში დავრჩებით", - აღნიშნა საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველმა ყოფილმა მოადგილემ, სანდრო ბარამიძემ.
0 კომენტარი