პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი, გიორგი გახარია, Globalnews.ge-სთან ინტერვიუში, "ქართული ოცნების" დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ქართულ პოლიტიკაში, ოფიციალურად, მესამედ ჩართვის გადაწყვეტილებას აფასებს და ამბობს, რომ "მისი სურვილი არჩევნების მოპარვაა, თუმცა ისე, რომ ლეგიტიმაციის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ არ დადგეს".
"ბიძინა ივანიშვილის ყრილობაზე გამოსვლა, ძირითადად, იმაზე იყო აგებული, რისი მოსმენაც ხალხს უნდოდა და მოლოდინი ჰქონდა. ამიტომაც ისაუბრა კორუფციაზე, დანარჩენი კი, ჩემს წყევლას დაეთმო. სინამდვილეში, ეს ყველაფერი ემსახურება ერთ რამეს - როგორ მოიპაროს არჩევნები ისე, რომ არჩევნების ლეგიტიმაცია კითხვის ნიშნის ქვეშ არ დადგეს. ამ ამოცანას, "ქართული ოცნების" დღევანდელი მენეჯმენტი და პოლიტიკური ხელმძღვანელობა, რომლებსაც სამართლიანად ვეძახი შეშინებულ ბიჭებს, ვერ შეასრულებენ. არავინ აყენებს კითხვის ნიშნის ქვეს, რომ 2024 წლის არჩევნების შემდეგ, შესაძლებელია, ხმები ისე გადანაწილდეს, რომ პირველ ადგილზე გავიდეს "ქართული ოცნება", მაგრამ ეს, დაახლოებით, 30%-ია. ამოცანა, რომლის შესასრულებლადაც ბიძინა ივანიშვილი ჩრდილიდან გამოვიდა, თორემ ის მანამდეც არსად წასულა და აქტიურად იყო ჩართული მართვაში ყოველდღიურ საოპერაციო დონეზე, გახლავთ ერთი - მოიპაროს დამატებითი ხმები და მიიღოს მყარი უმრავლესობა. ამიტომაც საუბრობენ ამდენს საკონსტიტუციო უმრავლესობაზე, ამის პარალელურად კი, არჩევნების ლეგიტიმაცია კითხვის ნიშნის ქვეშ არ დადგეს. ის რატომღაც მიიჩნევს, რომ მას ამ ამოცანის გადაწყვეტა შეუძლია", - აცხადებს ოპოზიციონერი ლიდერი.
ამასთან, ის პარალელს ავლებს წინა და 2024 წლისთვის არჩევნებს შორის და ამბობს, რომ "წინამორბედებისგან განსხვავებით, 2024 წლისთვის, არცერთი დამოუკიდებელი ინსტიტუტი არ იქნება, რომელიც, თუნდაც ზედამხედველობის მცირედ ფუნქციას შეასრულებს".
"არ დარჩა არცერთი დამოუკიდებელი ინსტიტუტი, რომელიც არჩევნებზე ზედამხედველობის თუნდაც მცირედ ფუნქციას შეასრულებს. ცენტრალური საარჩევნო კომისია, რომლის თავმჯდომარის არჩევის წესი შეიცვალა იმისთვის, რომ ხელმძღვანელად ლოიალური ადამიანი დაენიშნათ. სახალხო დამცველი, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და ა.შ. დღეს, ქვეყანაში არ დარჩა არცერთი დამოუკიდებელი ინსტიტუტი, რომელსაც რაღაც სიტყვა ეთქმის ან როლი შეიძლება შეასრულოს არჩევნების მართვის პროცესში. ამიტომ ვამბობთ, რომ გაყალბების რისკი არ არის მხოლოდ არჩევნების დღეს, ეს პროცესი უკვე დაწყებულია", - აღნიშნა გიორგი გახარიამ, პარტია "საქართველოსთვის" ლიდერმა.
0 კომენტარი