ჩეხეთის სენატის საგარეო საქმეთა, თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე, პაველ ფიშერი, globalnews.ge-სთან ინტერვიუში საქართველოს ევროპულ გზას აფასებს და აღნიშნავს, რომ “ბევრი შეკითხვა არსებობს საქართველოს ხელისუფლებასთან, თუ რამდენად სერიოზულად ხორციელდება რეფორმები”.
“მოგეხსენებათ, ევროპული ინტეგრაციის ლოგიკა პირობების შესრულებას მოიცავს. ჩვენ მოხარულნი ვართ, რომ საქართველოს ევროპულ გზაზე ვხედავთ, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ თქვენ ჩვენი მეგობრები ხართ, პირობების შეუსრულებლობაზე თვალს ვერ დავხუჭავთ. პირიქით, ამ მხრივ საკმაოდ მკაცრნი ვიქნებით. ჩვენ ვიცით და ვაფასებთ ქართველი ხალხის სურვილს, გახდნენ ევროკავშირის ნაწილი, თუმცა, მეორე მხრივ, გვაქვს ბევრი შეკითხვა საქართველოს ხელისუფლებასთან, თუ რამდენად სერიოზულად ხორციელდება რეფორმები. ამ მხრივ, საკმაოდ დაკვირვებით ვადევნებთ თვალს მოვლენებს, რადგან ეს არამხოლოდ ქართველი ხალხის, არამედ, ევროკავშირის ინტერესებშიცაა. ეს გახლავთ მნიშვნელოვანი გზა, რომელიც შეგვიძლია ერთად გავიაროთ და თუ როგორ გაგრძელდება ის, პირველ რიგში, საქართველოზე იქნება დამოკიდებული”,- აღნიშნავს ჩეხი კანონმდებელი.
მისივე განცხადებით, საქართველოში დაგეგმილი არჩევნები მნიშვნელოვანი ტესტი იქნება, რადგან “დარწმუნებულნი უნდა ვიყოთ, რომ საქართველოში დაგეგმილი არჩევნები თავისუფალ პირობებში და სამართლიანად ჩატარდება” .
“მოგეხსენებათ, არჩევნები ნებისმიერი საზოგადოებისთვის საკმაოდ კომპლექსური პროცესია, რადგან სხვადასხვა ქვეყანაში არაერთხელ გვინახავს გარე ძალების მხრიდან ჩარევის მცდელობები. მათ შორის, სოციალური მედიაპლატფორმების გამოყენებითა თუ სხვა დეზინფორმაციის საშუალებების გამოყენებით. ასე რომ, რა თქმა უნდა, დარწმუნებულნი უნდა ვიყოთ, რომ საქართველოში დაგეგმილი არჩევნები თავისუფალ პირობებში და სამართლიანად ჩატარდება. ეს მნიშვნელოვანია, არამხოლოდ საერთაშორისო საზოგადოებისთვის, არამედ, უპირველეს ყოვლისა, ქართველი ხალხისთვის, როგორც ევროპული ოჯახის ნაწილისთვის. ჩვენ პროცესებს დავაკვირდებით და აქვე, მოვუწოდებთ ყველას, ვინც შესაძლოა დემოკრატიულ პრინციპებს ეწინააღმდეგება ან ამის სურვილი აქვს, რომ მაქსიმალურად უზრუნველყონ არჩევნების გამჭვირვალობა და სამართლიანობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, პროცესები საქართველოსთვის უკიდურესად საზიანო იქნება”, - აღნიშნავს ჩეხეთის სენატის საგარეო საქმეთა, თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე, პაველ ფიშერი globalnews.ge-სთან ინტერვიუში.
0 კომენტარი