"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ" "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის სახელით, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს საჩივრით მიმართა. საჩივარში ევროპული კონვენციის რამდენიმე მუხლის დარღვევაზეა საუბარი.
28 აპრილს გამართულ პრესკონფერენციაზე, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარდგენილი საჩივრით დასაბუთებულია, რომ მზია ამაღლობელის მიმართ დაირღვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ისეთი ფუნდამენტური უფლებები, როგორებიცაა – თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება, საქმის სამართლიანი განხილვის უფლება, ასევე პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება. როგორც საია-ში განმარტავენ, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაგზავნილ საჩივარში მხოლოდ ნაწილია იმ დარღვევებისა, რომლებიც მზია ამაღლობელის მიმართ არის ჩადენილი.
"მზია ამაღლობელის საქმეში ვლინდება არაერთი არსებითი მნიშვნელობის პროცედურული დარღვევა, რაც საგამოძიებო უწყებების მხრიდან შესაძლო დანაშაულის ჩადენაზე მიანიშნებს, მათ შორისაა დეტექტივ ვლადიმერ ჩიტაიას პატაკი, რომლის საფუძველზეც მოხდა მზია ამაღლობელის ტელეფონიდან ინფორმაციის გამოთხოვა. პროკურატურას, ისევე როგორც სასამართლოს, არც კი შეუფასებია ის ფაქტი, რომ მზია ამაღლობელის ტელეფონში იქნებოდა ინფორმაცია ჟურნალისტური წყაროების შესახებ, რომელთა ანონიმურობაც გარანტირებული უნდა იყოს ჟურნალისტური საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე. ამავე მოქმედებით არსებითად იქნა ხელყოფილი მომჩივნის პირადი კომუნიკაციის და პირადი ცხოვრების უფლება", – წერია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებაში.
0 კომენტარი