18 მარტს, პარლამენტში, მეორე მოსმენით მედიის შემზღუდავი კანონპროექტი მიიღეს - მომხრე იყო 86 დეპუტატი, მოწინააღმდეგე კი – 0. დოკუმენტში წერია, რომ "აიკრძალება მაუწყებლის მიერ უცხოური ძალისგან პირდაპირი ან არაპირდაპირი დაფინანსების, ფულადი თანხის ან ქონებრივი ღირებულებების სხვა მატერიალური სიკეთის მიღება".
24 თებერვალს, "ქართულმა ოცნებამ" მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ ორი კანონპროექტი წარადგინა. პირველი კანონპროექტის თანახმად, კანონს მაუწყებლობის სტანდარტებთან დაკავშირებით ემატება რეგულაციები და მათ მიერ დადგენილი სტანდარტების დარღვევაზე რეაგირების უფლებამოსილება კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას ექნება. მეორე კანონპროექტი, რომელიც "მაუწყებლობის შესახებ" კანონში ცვლილებების შეტანას გულისხმობს, ტელე და რადიომაუწყებლებს უცხოური ძალისგან პირდაპირი ან არაპირდაპირი დაფინანსების, მათ შორის ფულადი თანხის ან ქონებრივი ღირებულების სხვა სახის მატერიალური სიკეთის მიღებას უკრძალავს.
პარლამენტმა დღესვე მეორე მოსმენით მიიღო "უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი", რომელსაც 86-მა წევრმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი კი არავინ ყოფილა. ცვლილებებით განისაზღვრება სუბიექტის უცხოური პრინციპალის აგენტად რეგისტრაციის საკითხები, კანონის აღსრულება კი ანტიკორუფციულ ბიუროს დაევალება. კანონპროექტი შესაბამისი ვალდებულების შეუსრულებლობისთვის ითვალისწინებს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაწესებას. მას ასევე თან ახლავს ცვლილებები სისხლის სამართლის კოდექსში, დარღვევა დაისჯება ჯარიმით 5000-დან 10,000 დოლარამდე, ან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთით.
ასევე მეორე მოსმენით და ამჯერად, 85 ხმით, პარლამენტში მხარი დაუჭირეს სისხლის სამართლის კანონმდებლობაში "სამშობლოს ღალატის" მუხლის დაბრუნებას.
"ქართული ოცნების" ინიციატივით, სისხლის სამართლის კოდექსს ემატება 307-ე პრიმა მუხლი, რომელიც სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხს ითვალისწინებს "სამშობლოს ღალატისთვის". პარტიის გადაწყვეტილებით, სამშობლოს მოღალატედ ჩაითვლება ის პირი, ვინც დაარღვევს საქართველოს ტერიტორიულ ხელშეუხებლობას, შევა უცხოურ სადაზვერვო სამსახურში, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების შესაცვლელად დაგეგმავს შეთქმულებას ან ამბოხებას, დაეხმარება უცხო ქვეყანას, უცხოეთის ორგანიზაციას, ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებულ ორგანიზაციას მტრულ საქმიანობაში.
0 კომენტარი