15 იანვრის ღამეს, ბათუმში, პარტია "საქართველოსთვის" ლიდერს, გიორგი გახარიას, "ქართული ოცნების" წევრი, დიმიტრი სამხარაძე, თანხმლებ პირებთან ერთად თავს დაესხა. ფიზიკური ძალადობა განხორციელდა ჟურნალისტ ზვიად ქორიძეზეც. როგორც ზვიად ქორიძე აცხადებს, თავდასხმაში "ქართული ოცნების" დეპუტატები დიმიტრი სამხარაძე და აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, გიორგი მანველიძე მონაწილეობდნენ.
ჟურნალისტი და "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" რეგიონული ოფისების მენეჯერი, ზვიად ამბობს, რომ სასტუმროს მისაღებ სივრცეში მასთან "ქართული ოცნების" წარმომადგენლები მივიდნენ და ჯერ გაესაუბრნენ, შემდეგ კი სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
"ვიჯექი სავარძელში და ცოტა მოშორებით რამდენიმე მაგიდა იყო მოპირდაპირე მხარეს, სადაც ადამიანები სვამდნენ. ჩვენ შორის არანაირი კომუნიკაცია არ იყო, ვიდრე ერთ-ერთი მაგიდიდან არ მოვიდა ახალგაზრდა კაცი, რომელმაც მოიტანა სასმელი და მომილოცა ძველით ახალი წელი. მითხრა, გიცნობ, ზვიად ქორიძე ხარო. თქვენ, რომ ვიცოდე-მეთქი, – ვკითხე. გიორგი ვარო, მანველიძე. ამით დამთავრდა ჩვენი კომუნიკაცია, შემდეგ დაუბრუნდა სუფრას", – იხსენებს ზვიად ქორიძე.
პარტია "საქართველოსთვის" წარმომადგენლებმა ოფიციალური განცხადება გაავრცელეს, რომელშიც საუბარია იმაზე, რომ თავდასხმა პარტიის ლიდერსა და ქვეყნის ყოფილ პრემიერ-მინისტრზე, გიორგი გახარიაზე, ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის მიერ იყო მოწყობილი. გახარიას პარტია პლატფორმა X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში თავდასხმას უწოდებს კოორდინირებულ, ჯგუფურ და სასტიკ თავდასხმას.
"ფეისბუკის" ოფიციალურ გვერდზე გიორგი გახარიამ საზოგადოებას მიმართა: "დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს მხარდაჭერისთვის. ჯანმრთელობის მხრივ, ნორმალურად ვარ. დღეს, პირველ რიგში, უკანონო პატიმრებს სჭირდებათ ჩვენი მხარდაჭერა. დანარჩენი მოგვიანებით“.
0 კომენტარი