აშშ-ის საელჩო საქართველოში ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ "სასტიკ და გაუმართლებელ ძალადობაზე" პასუხისმგებელმა პირებმა პასუხი უნდა აგონ. საელჩოს მიერ გავრცელებულ განხცადებაში ასევე ნათქვამია, რომ "დაუყოვნებლივ" უნდა გათავისუფლდნენ საპროტესტო აქციების ფარგლებში დაკავებული ადამიანები".

"ვინც პასუხისმგებელია სასტიკ და გაუმართლებელ ძალადობაზე, მათ შორის: მომიტინგეებზე, მედიის წარმომადგენლებსა და ოპოზიციის წევრებზე, პასუხი უნდა აგონ. დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ ადამიანები, რომლებიც სარგებლობდნენ მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებებით", - ვკითხულობთ საელჩოს განცხადებაში, რომელშიც ასევე ნათქვამია, რომ ელჩი რობინ დანიგანი  სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანს შეხვდა, "რათა განეხილა მისი და მისი გუნდის საქმიანობის მნიშვნელობა ქართველი ხალხის უფლებების დასაცავად". 

დღესვე შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, რობინ დანიგანმა, ევროპელ კოლეგებთან ერთად ტელეკომპანია "პირველის" გუნდის წევრები მოინახულეს, რომლებსაც პროფესიული მოვალეობის შესრულებისას, სასტიკად გაუსწორდნენ. 

"ჟურნალისტებმა საზოგადოების ინფორმირებულობისთვის დიდი სიმამაცე გამოავლინეს. ასეთ დროს ყველზე ნათლად ჩანს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია თავისუფალი მედია თავისუფალი საზოგადოებისთვის. ჩვენ მკაცრად ვგმობთ ბოლო დღეებში ქართული ოცნების სასტიკ და გაუმართლებელ თავდასხმებს მედიის წევრებსა და საქართველოს მოქალაქეებზე. როგორც სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა აღნიშნა, ამერიკის შეერთებული შტატები ემზადება, გამოიყენოს ჩვენს ხელთ არსებული საშუალებები, მათ შორის, სანქციები, რომ უზრუნველყოფილ იქნას პასუხისმგებლობის დაკისრება ძალადობის ჩამდენ და ძალადობრივი გარემოს ხელშემწყობ პირებზე", - ნათქვამია საელჩოს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში. 

0 კომენტარი

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება, აუცილებელი ველები მონიშნულია *