ნიდერლანდებში საქართველოს ელჩმა, დავით სოლომონიამ, თანამდებობა დატოვა. მისი გადადგომის წერილი სოციალურ ქსელში დიპლომატის დამ, ნინო სოლომონიამ გამოაქვეყნა.  

"საქართველოს დიპლომატიურ სამსახურში ჩემი ყოფნის სამი ათეული წლის უდიდესი ნაწილი მიეძღვნა ევროინტეგრაციის საკითხებზე მუშაობას.
დიდი ბედნიერებაა, როდესაც შენი პროფესიული ვალდებულებები შენს ცხოვრებისეულ არჩევანს ემთხვევა. მე პირნათლად ვასრულებდი ჩემს სამსახურებრივ მოვალეობებს, ვიდრე მჯეროდა, რომ სულ მცირე გავლენის მოხდენა შემეძლო პროცესებზე. დღეს ეს იმედი დასრულდა. ვგმობ ნებისმიერ ძალადობას და ვტოვებ ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობას", - ნათქვამია გადადგომის წერილში.

ერთობლივ საპროტესტო განცხადებას ავრცელებენ ეროვნული ბანკის თანამშრომლებიც, რომელთა თქმითაც, ირაკლი კობახიძის 28 ნოემბერს გაკეთებული განცხადება საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლს ეწინააღმდეგება და არ შეესაბამება ქვეყნის ისტორიულ მისწრაფებას, გახდეს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი. განცხადებას ამ ეტაპზე ბანკის 174 თანამშრომელი აწერს ხელს. 

"28 ნოემბერს გაკეთებული განცხადება, საქართველოს მხრიდან ევროკავშირთან მოლაპარაკებების დღის წესრიგიდან 2028 წლამდე ამოღების თაობაზე, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლს და არ შეესაბამება ქვეყნის ისტორიულ მისწრაფებას - გახდეს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი. საქართველოს ეროვნული ბანკის თანამშრომლები მხარს ვუჭერთ ქვეყნის ევროინტეგრაციის უწყვეტად და შეუქცევადად განხორციელებას" - წერია ეროვნული ბანკის თანამშრომლების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

საჯარო მოხელეების პროტესტს უერთდებიან თბილისის მერიის თანამშრომლებიც. დედაქალაქის მერიის 149 თანამაშრომლის გავრცელებულ ერთობლივ წერილში ნათქვამია, რომ EU-ში გაწევრიანების მოლაპარაკებების შეჩერება საქართველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება. 

"ჩვენ, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლები მკაფიოდ და ერთმნიშვნელოვნად ვაცხადებთ, რომ ვემიჯნებით საქართველოს ევროკავშირში წევრობის პროცესის 2028 წლამდე შეჩერების გადაწყვეტილებას და მის გამომწვევ ყველა მიზეზს.  ჩვენი მოსაზრებით, ეს გადაწყვეტილება არაა თანხვედრაში საქართველოს მოსახლეობის მიერ გაცხადებულ მიზანთან, რომელიც კონსტიტუციის 78-ე მუხლში აისახა.  ჩვენ, ვიყავით, ვართ და ვრჩებით ჩვენი მოქალაქეების, კონსტიტუციის, იმ ევროპული ღირებულებებისა და კურსის ერთგულნი, რომელიც საქართველოს აქვს არჩეული და ჩვენი საქმიანობის ფარგლებში ვაგრძელებთ ჩვენი ქვეყნის ევროპულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბების ხელშეწყობას", - ნათქვამია განცხადებაში.

 

 

0 კომენტარი

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება, აუცილებელი ველები მონიშნულია *