"ქართული ოცნების" გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის პროცესს 2028 წლამდე აჩერებს, საჯარო სექტორში დასაქმებულთა პროტესტი მოჰყვა. თანამდებობიდან გადადგა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბულგარეთის რესპუბლიკაში ოთარ ბერძენიშვილი. "არა ძალადობას მშვიდობიანი დემონსტრანტების გამოხატვის წინააღმდეგ! სრული სოლიდარობა", - დაწერა დიპლომატმა პლატფორმა X-ზე.
მმართველი პარტიის განხცადებას აპროტესტებს სამხრეთ კორეაში საქართველოს ელჩის თარაშ პაპასქუაც, რომელმაც Facebook-ის პირად გვერდზე დაწერა, რომ "საქართველოს როგორც არასდროს ისე სჭირდება მეტი ნატო და მეტი ევროკავშირი":
"დღეს, როცა რუსეთი: აგრძელებს ჩვენი ქვეყნის 20%-ის ოკუპაციას; აწარმოებს დამანგრეველ ომს უკრაინის წინააღმდეგ; ებრძვის ევროპას, დემოკრატიულ სამყაროს და საფრთხეს უქმნის გლობალურ უსაფრთხოებას... ჩვენ, როგორც არასდროს, გვჭირდება მეტი ევროპა და მეტი ნატო; გვჭირდება მეტი სოლიდარობა და თავისუფალი სამყაროს გვერდში დგომა!".
დიპლომატთა პროტესტს უერთდება საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჩეხეთის რესპუბლიკაში, თეა მაისურაძეც.
"ერთგული ვრჩები საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესის, მას ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, ალტერნატივა არ აქვს. მრავალი წლის განმავლობაში, მე და ჩემი კოლეგა დიპლომატები ძალისხმევას არ ვიშურებდით ევროკავშირსა და ნატო-ში საქართველოს გაწევრიანების გზაზე, ასევე სტრატეგიულ პარტნიორებთან კავშირების გაძლიერებისთვის. ერთგული ვრჩები საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესის, ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების, საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებისა და კონსტიტუციის 78-ე მუხლის შესაბამისად. დღეს, როდესაც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის 20 პროცენტზე მეტი ოკუპირებულია რუსეთის მიერ, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება დასავლელ მეგობრებთან, ჩვენს მოკავშირეებთან, ურთიერთობების გაღრმავებასა და განმტკიცებას. ევროპულ ოჯახში დაბრუნება ჩვენი ქვეყნის ისტორიული არჩევანია. საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სრულფასოვან გაწევრიანებას, ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, ალტერნატივა არ აქვს",- დაწერა დიპლომატმა სოციალურ ქსელში.
ერთობლივ განცხადებას ავრცელებს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და მისი სისტემის 156 თანამშრომელი.
"ჩვენ, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და მისი სისტემის თანამშრომლები, საჯარო მოსამსახურეები წლების მანძილზე ვემსახურებით დამოუკიდებელი საქართველოს ეროვნულ ინტერესს. ჩვენთვის ეს გულისხმობს ევროპული განათლების სისტემის შენებას, რომელიც შექმნის თანაბარ შესაძლებლობებს თითოეული ადამიანისათვის, კონკურენტუნარიანს გახდის ქართველ ახალგაზრდასა და მეცნიერს, მისცემს შესაძლებლობას შეუერთდეს მაღალი სტანდარტების სამეცნიერო-საგანმანათლებლო სივრცეს და უზრუნველყოს საქართველოს დემოკრატიული, სამართლებრივი და სოციალური სახელმწიფოს შენება-გაძლიერება. ვთვლით, 2028 წლამდე საქართველოს მხრიდან ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ გუშინდელი განცხადება არ შეესაბამება ქვეყნის სტრატეგიულ ინტერესებს და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლს. შესაბამისად, საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში, ვაცხადებთ, რომ ერთგულნი ვრჩებით საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსისადმი", - აცხადებენ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს თანამშრომლები.
ერთობლივი განცხადებით საკუთარი პოზიცია დააფიქსირა თავდაცვის სამინისტროს მოქმედმა 48 თანამშრომელმა. განცხადებაში, რომელიც 29 ნოემბერს გავრცელდა და რომელზეც ხელმომწერების რაოდენობა მზარდია, წერია, რომ "თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების უმთავრესი მოვალეობა სახელმწიფოს უსაფრთხოების განმტკიცება, თავდაცვისუნარიანობის ამაღლებაზე ზრუნვა და საქართველოს კონსტიტუციის ერთგულებაა."
"საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მრავალი წელი წარმატებით ემსახურება ქვეყნის ეროვნული ინტერესების აღსრულებას, ერთი მხრივ - თავდაცვის ძალების აღმშენებლობით, ხოლო მეორე მხრივ - საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის ხელშეწყობით. სწორედ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია არის ქვეყნის უსაფრთხოების შემდგომი განმტკიცებისა და სუვერენიტეტის გამყარების უალტერნატივო გზა, ასევე საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის უმთავრესი პრიორიტეტი, რაც განმტკიცებულია როგორც საქართველოს კონსტიტუციით, ისე ეროვნული და უწყებრივი დონის ყველა კონცეპტუალური დოკუმენტით. ვაცნობიერებთ რა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან თანამშრომლობის მნიშვნელობას და დასავლელი პარტნიორების წვლილს საქართველოს თავდაცვისა და შეკავების შესაძლებლობების განვითარების პროცესში, ერთგული ვრჩებით საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლით გაწერილი ვალდებულებისა", - წერია განცხადებაში, რომელიც სრულდება ფრაზით: "ვემსახურებით საქართველოს!"
პროცესებს გამოეხმაურა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის 24 პროფესორ-მასწავლებელი.
"ჩვენ, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლებს, მიგვაჩნია, რომ ევროპული ინტეგრაცია საქართველოს ისტორიული, უალტერნატივო გზაა. ამ გზის ერთ-ერთი მკაფიო მაგალითია ჯერ კიდევ 2005 წლიდან ბოლონიის პროცესთან საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო სისტემის მჭიდრო ინტეგრირება. ამ და სხვა მრავალი გარემოებიდან გამომდინარე, გაუმართლებლად მიგვაჩნია საქართველოს ხელისუფლების მიერ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხის შეჩერება. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას გააგრძელოს ევროპული ინტეგრაციისკენ მიმართული თაობათა მრავალწლიანი ძალისხმევა და, შესაბამისად, დაიცვას საქართველოს კონსტიტუციის 78 - ე მუხლი. "საქართველოს კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად" - ნათქვამია განცხადებაში.
"ქართული ოცნების" განცხადებას აპროტესტებენ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომლებიც, რომელთა განცხადებით, "კონსტიტუციის 78-ე მუხლი კონსტიტუციურ ორგანოებს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისთვის ყველა ზომის მიღებას ავალდებულებს"
"მიგვაჩნია, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება, ევროკავშირთან მოლაპარაკების 2028 წლამდე შეჩერების შესახებ, ეწინააღმდეგება კონსტიტუციას და ქართველი ხალხის ნებას, რაც არაერთხელ საპროტესტო აქციებით გამოიხატა", - წერია განცხადებაში, რომელშიც ყურადღება ჟურნალისტებზე ძალადობის შემთხვევებზეცაა გამახვილებული:
"მიგვაჩნია, რომ ძალადობრივი და ანტიკონსტიტუციური ქმედებები აზიანებს მთელ ქვეყანას და მის მომავალს. ჩვენი საქმიანობა კი, ახლა, ისე, როგორც არასდროს, პარტიული გავლენებისგან დამოუკიდებელი და საზოგადოებრივი უნდა იყოს. ხაზგასმით ვადასტურებთ უმთავრესი ღირებულებების ერთგულებას, რაც სახელმწიფო ჩარევისგან დამოუკიდებელ საზოგადოებრივ მაუწყებლობას, კრიტიკული კითხვების დასმას და ქვეყანაში მიმდინარე პროცესების ობიექტურად გაშუქებას გულისხმობს".
0 კომენტარი