საქართველოს მთავრობა ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნაზე 2028 წლამდე უარს ამბობს. ოფიციალური განცხადება ამის შესახებ პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გააკეთა.

"ჩვენ ვართ ამაყი და თავმოყვარე ერი დიდი ისტორიით. შესაბამისად, ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია, ევროკავშირში ინტეგრაცია განვიხილოთ როგორც მოწყალება, რომელიც ევროკავშირმა ჩვენთვის უნდა გაიღოს. ვხედავთ, რომ ევროპელი პოლიტიკოსები და ბიუროკრატები გამოყოფილ გრანტებსა და სესხებს საქართველოს წინააღმდეგ შანტაჟისთვის იყენებენ", - განაცხადა კობახიძემ და დასძინა, რომ ქვეყანა 2028 წლის ბოლომდე არ იქნება მზად ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხის დასაყენებლად.

"დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დავაყენოთ ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხი. ასევე, 2028 წლის ბოლომდე უარს ვამბობთ ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან. 2028 წლის ბოლო არის ის დრო, როდესაც საქართველო იქნება მზად, ეკონომიკური თვალსაზრისით სათანადოდ მომზადებული, რათა გახსნას მოლაპარაკებები 2030 წელს ევროკავშირში გასაწევრიანებლად. ჩვენ ვაპირებთ არა მათხოვრობით და ცალ ფეხზე დგომით ევროკავშირში შესვლას, არამედ ევროკავშირში ღირსეულად გაწევრიანებას გამართული დემოკრატიული სისტემითა და ძლიერი ეკონომიკით", - თქვა კობახიძემ, თუმცა მედიის წარმომადგენლების დამატებით შეკითხვებს არ უპასუხა.  

აღსანიშნავია, რომ კობახიძის ამ განცხადებამდე ერთი დღით ადრე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, ტელეკომპანია "რუსთავი 2"-თან ინტერვიუში თქვა, რომ ევროკავშირში გაწევრიანება საქართველოსთვის მნიშვნელოვან დათმობებზე წასვლად იქნება. მან არაერთი ანტიდასავლური განცხადება გააკეთა და დასძინა, რომ "ერთ მხარეს რომ დგას ევროკავშირთან ინტეგრაცია, მეორე მხარეს დგას ბევრ ქვეყანასთან დეზინტეგრაცია".

"ჩვენ დაცულები საბჭოთა კავშირშიც ვიყავით და ჩვენი საზღვრები არ ირღვეოდა იქ, მაგრამ ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ უნდა ჩამოგვივიდნენ აქ ევროპელი და ლიეტუელი პოლიტიკოსები და დიდი ძმის ტონით გვესაუბრონ. როგორც ჩანს, იმდენი უყურეს მოსკოვს თავის დროზე, რომ ახლა ცდილობენ ეს მოსკოვის როლი შეგვისრულონ", - განაცხადა პაპუაშვილმა. მეტიც, მან ევროკავშირის პოლიტიკა საქართველოში, რუსულ ოკუპაციასთან გააიგივა: 

"ხომ არის სამხედრო ინტერვენცია და პოლიტიკური ინტერვენცია, როდესაც პოლიტიკური ინტერვენცია გაქვს და სხვა ქვეყნის შიდა საქმეებში ერევი, საარჩევნო კამპანიაში ერევი, ამას რა უნდა დავარქვათ? ყველაფერი მარტო ტანკით და რაკეტებით ხომ არ წყდება. არის ასევე პოლიტიკური ინტერვენცია. ზოგიერთს უნდა, ითამაშოს დიდი ძმის როლი და ჩვენ, როდესაც ასოცირების ხელშეკრულებას ხელს ვაწერდით, ამაზე ხელი არ მოგვიწერია, რომ აქ ვინმემ დიდი ძმა გვეთამაშოს და რევიზორების როლი ჰქონდეთ", - თქვა პაპუაშვილმა. მისივე განცხადებით, ევროკავშირში გაწევრიანება "ნიშნავს შეზღუდვასაც, სუვერენიტეტის ნაწილის დათმობას, ეკონომიკური თავისუფლების დათმობას". "თქვენ რა გგონიათ, ევროკავშირის წევრები დღეს რომ გავხდეთ, იცით რამდენი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაუქმება მოგვიწევს, თუნდაც ჩინეთთან და ბევრ ქვეყანასთან, დსთ-ს წევრ ქვეყნებთან, ამ ყველაფრის გაუქმება მოგვიწევს",- უთხრა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ს შალვა პაპუაშვილმა. 

 

 

0 კომენტარი

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება, აუცილებელი ველები მონიშნულია *