არჩევნების ხელახალი ჩატარება საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელობით - ასეთია ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა, რომლებიც პარლამენტის შენობის წინ, იმ ათი ათასობით მოქალაქეს მიმართავენ, რომლებიც არჩევნების გაყალბებას აპროტესტებენ. ოპოზიციის საერთო შეთანხმებითვე, ისინი უარს ამბობენ საპარლამენტო მანდატებსა და 26 ოქტომბრის არჩევნების ლეგიტიმურად გამოცხადებაზე.
კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის ანა ნაცვლიშვილის განცხადებით კი, ოპოზიცია ასევე ითხოვს, 24 საათის განმავლობაში, საარჩევნო სიები გასაჯაროვდეს. მისივე თქმით, საარჩევნო სიები წარმოადგენს შავ ყუთს, რომლითაც შედეგები გაყალბდა.
"არავის ჰქონია იმის მოლოდინი, რომ 27 ოქტომბერს დილით, ივანიშვილი გამოვიდოდა და გამარჯვებას მოგილოცავდათ. იყო მოლოდინი, თუ რამდენ პროცენტს დაიწერდა. 2024 წლის არჩევნებზე მთავარი შეკითხვა არ ყოფილა, ვინ შევიდოდა პარლამენტში და ვის ექნებოდა საპარლამენტო მანდატი. მთავარი შეკითხვაზე უნდა გაგვეცა თითოეულ ჩვენგანს პასუხი: სად იქნება საქართველო გეოპოლიტიკურ რუკაზე, ვიქნებით რუსული ჭაობის ნაწილი, თუ დასავლეთის. ამ ქვეყანაში ვერც რუსული ფული იშრიალებს, ვერც ივანიშვილს გაუვა უტიფრობა და ვერც საქართველოს ამაყ დროშას ჩამოგვაწევინებს", - მიმართა პროტესტის მონაწილეებს "ახალის" ლიდერმა, ნიკა მელიამ.
"26 ოქტომბერს, გაიმარჯვა არა რუსეთმა, არამედ ევროპამ და გაიმარჯვა თავისუფლების მოყვარულმა ქართველმა ხალხმა", - აღნიშნა პარტია "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა თინა ბოკუჩავამ. მისივე თქმით, "ახლა განსხვავებების დრო არ არის, რადგან ქვეყნის გადარჩენა მხოლოდ ერთიანობითაა შესაძლებელი".
0 კომენტარი