საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ქართული და საერთაშორისო მედიის შეკითხვებს უპასუხა. როგორც ადგილობრივი, ისე სართაშორისო ჟურნალისტების მხრიდან რამდენჯერმე დაისვა შეკითხვა ჰიპოტეტურ დაშვებაზე, რა იქნება პრეზიდენტის ნაბიჯი, ან სამოქმედო გეგმა, თუ "ქართული ოცნება" არჩევნების გაყალბებას შეეცდება.

პრეზიდენტ ზურაბიშვილის განცხადებით, მას რა სურს მსგავს დაშვებებზე საუბარი, ამასთან, დარწმუნებულია, რომ არჩევნებში პროდასავლური პოლიტიკური ძალები გაიმარჯვებენ.

"ყველაფერს გამოვრიცხავ, გარდა ევროპული ძალების გამარჯვებისა და საქართველოს გამარჯვებისა", - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა. მისივე განცხადებით, "ფინანსური, თუ სახელმწიფო რესურსების გამოყენების მიუხედავად, საზოგადოებრივი აზრის ყველა გამოკითხვა აჩვენებს, რომ სამიდან ორი მოქალაქე არ უჭერს მხარს ქვეყნის ამჟამინდელ კურსს". 

"ეს არის პროპორცია პროდასავლურ პარტიებსა და მთავრობას შორის. ყველაფერი იმაზე მიანიშნებს, რომ ხალხი საარჩევნოდ მობილიზებულია, ამიტომ არ არსებობს არავითარი გზა, რომ გაყალბება და დაშინება არჩევნების მოპარვაში გადაიზარდოს", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

შეკითხვა დაისვა რუსეთის დუმაში რამდენიმე თვის წინ გაკეთებულ განცხადებაზეც, რომლის მიხედვითაც, "თუ "ქართულ ოცნებას" დასჭირდება, რუსეთი მზად იქნება დაეხმაროს მას სტაბილურობაში". პრეზიდენტ ზურაბიშვილის განხცადებით, "საქართველო არის ქვეყანა, რომელსაც ევროპული მომავალი სურს და მას წინ ვერაფერი დაუდგება".

"ყველა ვიდეო, რომელსაც უშვებენ და საუბრები, რომ თუ "ქართული ოცნება" ვერ მოიგებს, იქნება ომი და რუსეთი ჩაერევა, გახლავთ დაშინების ტაქტიკა. ეს გახლავთ ამომრჩეველზე ზეწოლის განხორციელების მცდელობა", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. მისივე თქმით, "არ არსებობს არც მეორე ფრონტი და ომის პარტია არის მხოლოდ მოსკოვში". 

ბრიფინგზე შეკითხვა დაისვა არჩევნებამდე არსებულ პოლარიზებულ გარემოსთან დაკავშირებითაც, რაზეც პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა უპასუხა, რომ  დღეს "მოსახლეობაში პოლარიზება გაცილებით ნაკლებია, ვიდრე პოლიტიკურ ელიტებში". 

 

 

2 კომენტარი

ლაშა პასუხი

კი ნამდვილად ეგრეა....

Seli Suhesti პასუხი

ეს სტატია გვაწვდის საინტერესო შეხედულებებს სალომე ზურაბიშვილის შეხედულებებზე. განხილული თემები ძალიან შეესაბამება მიმდინარე პირობებს

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება, აუცილებელი ველები მონიშნულია *