თბილისში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ამერიკული კვლევითი ცენტრის, Atlantic Council-ის ორი თანამშრომლის, ეთო ბუზიაშვილისა და სოფო გელავას სახლები გაჩხრიკა.
"დაახლოებით, დილის 8 საათზე მოვიდნენ, არ მითხრეს, რომ ფინანსური პოლიციიდან იყვნენ. თქვეს, რომ გაზის სამსახურიდან იყვნენ და რაღაც გაჟონვა იყო პრობლემა. შემოვარდა დაახლოებით 6 ადამიანი, დაიწყეს ჩხრეკა, ჩამომართვეს ტელეფონი და ადვოკატთან დარეკვის საშუალება არ მომცეს. აინტერესებდათ კონკრეტულად დოკუმენტაცია და ტექნიკა. ეს იყო მათი მოტივი. ჩხრეკა დაახლოებით ორი საათი მიმდინარეობდა", - აღნიშნა ეთო ბუზიაშვილმა. სოფო გელავას განცხადებით კი, მისთვის საეჭვოა, თუ რასთან არის დაკავშირებული მის სახლში ჩატარებული ჩხრეკა.
"ამიხსნეს, რომ ეს არის დაკავშირებული იმ კომპანიასთან, რომელსაც დაკონტრაქტებული ვყავარ, თუმცა, რეალურად მე ვმუშაობ ატლანტიკურ საბჭოში. ეს არის ამერიკაში დაფუძნებული საერთაშორისო ორგანიზაცია და ჩემი საქმიანობა პირდაპირაა დაკავშირებული დეზინფორმაციასთან, საინფორმაციო ოპერაციების კვლევასთან, რუსეთის ჩარევასთან. ამიტომ, ჩემთვის, ამ წუთას ძალიან საეჭვოა, რა ხდება და რასთან არის დაკავშირებული ეს ამბავი", - აღნიშნა სოფო გელავამ.
ჩხრეკა ჩატარდა ონისე ცხადაძის ოფისშიც, რომელიც კომპანია Concentrix-ში მუშაობს. ეს კალიფორნიაში დაარსებული ბიზნეს პროცესების მართვის კომპანიაა და საერთაშორისო ბრენდებს უწევს კონსულტაციას. კომპანიას 70-ზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოში აქვს ოფისი. აღსანიშნავია, რომ Concentrix-ი საქართველოში პროგრამა აწარმოე საქართველოს მხარდაჭერით შემოვიდა.
კიდევ ერთი პირი, ვის სახლშიც ფინანსურმა პოლიციამ ჩხრეკა ჩაატარა, ვალერი ტყეშელაშვილია, რომელიც Mercatus Capital-ის დამფუძნებელია და საქართველოში დროებით იმყოფება. მისი თქმით, "რამდენიმე თვეა საქართველოში იმყოფება, ფინანსურმა პოლიციამ კი განუმარტა, მის შესახებ ქოლცენტრებთან დაკავშირებულ საქმიანობაში ჩართვის ეჭვი გააჩნიათ".
სამთავრობო ტელევიზია "იმედის" ინფორმაციით, ჩხრეკები ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე მიმდინარეობს და ის დავით კეზერაშვილს უკავშირდება. ცოტა ხნის წინ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ "ოპერატიული ინფორმაციის შესაბამისად, სამ სავარაუდო ე.წ. ქოლცენტრში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა".
"მიღებული ინფორმაციით, ქოლცენტრების საქმიანობა დაკავშირებულია იმავე სახის დანაშაულთან, რა დანაშაულზეც აღნიშნული გამოძიება მიმდინარეობს და საქმე გვაქვს გაცილებით დიდი მასშტაბის ფინანსებთან. ასევე, ობიექტებზე დასაქმებულ პირთა ნაწილი დაკავშირებულია წინა პერიოდებში გამოვლენილ ანალოგიური სახის დანაშაულებრივ ქოლცენტრებთან. ადგილზე მისულმა საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა აღმოაჩინეს გარკვეული ელექტრონული ინფორმაციის შემცველი სხვადასხვა სახის ტექნიკა, მოწყობილობები და დოკუმენტაცია, რაც ამოღებულ იქნა სათანადო წესით. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, საგამოძიებო სამსახური პერიოდულად მიაწვდის საზოგადოებას ინფორმაციას გამოძიების მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ", - ნათქვამია ფინანსური პოლიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
0 კომენტარი