"ვაიმარის სამკუთხედის" წევრი ქვეყნების, გერმანიის, საფრანგეთისა და პოლონეთის, საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს მთავრობას მოუწოდებენ, შეცვალოს მოქმედებების ამჟამინდელი კურსი. სამი სახელმწიფოს ერთობლივ განცხადებაში წერია, რომ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები ახლა სასწორზე დევს და ევროკავშირი ვერ აიტანს საქართველოს ხელისუფლების მიერ ევროპული პოზიციებისა და პოლიტიკის შესახებ ცრუ ნარატივების გავრცელებას. განცხადებაში ნახსენებია ე.წ. გამჭვირვალობისა და ოჯახური ღირებულებების სადავო კანონებიც და აღნიშნულია, რომ მათმა მიღებამ ევროკავშირთან ურთიერთობის ნეგატიური ტენდენცია კიდევ უფრო დაამძიმა. "ვაიმარის სამკუთხედის" წევრი სახელმწიფოები იმედოვნებენ, რომ საქართველოს მთავრობა ხელახლა აიღებს ვალდებულებას, განახორციელოს ის პრიორიტეტული რეფორმები, რომლებიც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსითაა განსაზღვრული.
"ვაიმარის სამკუთხედის" საგარეო საქმეთა მინისტრები, ვადასტურებთ ჩვენს მხარდაჭერას ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის დემოკრატიული და ევროპული მისწრაფებების მიმართ.
ვწუხვართ საქართველოს მთავრობის იმ ქმედებების გამო, რომლებმაც გამოიწვია საქართველოს ევროკავშირში გაწევრების პროცესის დე-ფაქტო შეჩერება, რაც ევროპულმა საბჭომ, ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოსა თუ მთავრობის წარმომადგენლობამ 27 ივნისს გამოაცხადა.
მას შემდეგ ნეგატიური ტენდენცია მხოლოდ გაუარესდა: რეპრესიების შემაშფოთებელი მუქარით; ე.წ. გამჭვირვალობის კანონით, რომლითაც ხდება იმ არასამთავრობო ორგანიზაციების სტიგმატიზება, რომლებიც დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოეთიდან იღებენ და მათ უცხო ძალის ინტერესების გამტარებლებად ასახელებს; ახლახან მიღებული საკანონმდებლო ცვლილებებით, რომლებიც ზღუდავს ლგბტ ადამიანების უფლებებს; ასევე თავდასხმით სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და დამოუკიდებელ ჟურნალისტებზე.
გარდა ამისა, ჩვენ შეშფოთებით აღვნიშნავთ ევროკავშირისა და მისი წევრი ქვეყნების მიმართ აგრესიული რიტორიკის ზრდას. ევროკავშირი არ აიტანს საქართველოს ხელისუფლების მიერ ევროპული პოზიციებისა და პოლიტიკის შესახებ ცრუ ნარატივების გავრცელებას.
ჩვენ ვიმეორებთ ჩვენს მოწოდებას საქართველოს მთავრობის მიმართ, შეცვალოს მოქმედების ამჟამინდელი კურსი. ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებისა და თანამშრომლობის საზღვრები და სიღრმე სასწორზე დევს.
ჩვენ ველით, საქართველოს ხელისუფლება უზრუნველყოფს, რომ მომავალი არჩევნები იყოს თავისუფალი და სამართლიანი, დაიცავს ეუთო/ODIHR-ის რეკომენდაციებს, მათ შორის თავისუფალი და უსაფრთხო საარჩევნო კამპანიის ჩატარებით.
ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს მთავრობა ხელახლა აიღებს ვალდებულებას, განახორციელოს პრიორიტეტული რეფორმები, რომლებიც განსაზღვრულია ქვეყნის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსით. ჩვენ მზად ვართ, გავაგრძელოთ ქართული საზოგადოების მხარდაჭერა ევროპული მომავლისკენ მიმავალ გზაზე.
ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში", – წერია განცხადებაში.
0 კომენტარი