Globalnews.ge-სთან საუბრისას, ევროპარლამენტის წევრი, ანდრიუს კუბილიუსი საქართველოს პარლამენტში ხელმეორედ წარდგენილ "რუსულ კანონს" ეხმაურება და აღნიშნავს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების პროცესს დაბრკოლებებს შეუმქნის.
"სავსებით ნათელია, რომ მიზანი ისევ დაბრკოლებების შექმნაა. არ ვიცი, რა არის "ქართული ოცნების" სტრატეგია, მაგრამ ეს შექმნის დაბრკოლებებს საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. იგივე ეხება კონსტიტუციურ ცვლილებებს, ლგბტ თემის საწინააღმდეგო კანონებს. ეს შემოთავაზებები ეწინააღმდეგება ისეთი ქვეყნების ღირებულებებს, რომლებსაც ევროკავშირში გაწევრიანება სურთ. ახლა ჩანს, რომ ისინი ამ მიმართულებით არ წავლენ, არ დანერგავენ ევროკავშირის ძირითად კრიტერიუმებს, რაც, რა თქმა უნდა, შექმნის პრობლემებს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის. მსგავსი პროცესი ძალიან ხშირად დაკავშირებულია ოლიგარქებთან და ბიზნესმენებთან, რომლებიც დამატებით შემოსავალს ნახულობენ რუსული ბაზრიდან. ეს სხვა ქვეყნებშიც მომხდარა და იგივე მაგალითი გვინახავს მოლდოვაში, სადაც ოლიგარქი პლახოტნიუკი იყო. უკრაინაშიც გვინახავს იგივე და ახლა საქართველო იმეორებს ამას. ჩვენ ახლა იმედი გვაქვს, რომ მოლდოვის მსგავსად, საქართველოშიც ხმას მისცემენ არა ოლიგარქს, არამედ პროგრესს. არჩევნები ახლოვდება და მმართველი პარტია, ისევე როგორც ბიძინა ივანიშვილი ძალიან ნერვიულობენ. სწორედ ამიტომ გადაწყვიტა ბიძინა ივანიშვილმა ჩრდილიდან გამოსვლა და ახლა ანტიევროპული კანონების მიღება, რათა კრემლის სურვილები შეასრულოს და უფრო მეტი პოლარიზაცია შექმნას საქართველოში. ჩვენი მოსაზრება ახლაც იგივეა, რაც შარშან იყო. ჩვენ ამ კანონის წინააღმდეგი ვართ როგორც შარშან, ასევე ახლა", - აღნიშნა ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა.
მისივე განცხადებით, "შთაბეჭდილება იქმნება, რომ საქართველოს ხელისუფლება სიამოვნებით ასრულებს კრემლის სურვილებს".
"თუ თქვენ ევროკავშირში გაწევრიანება გსურთ, მაშინ თქვენ არ უნდა გეშინოდეთ დასავლური საზოგადოების, დასავლური ფასეულობებისა და დასავლეთის მხრიდან თქვენი ქვეყნის მიერ მიღებული დახმარების, რათა თქვენმა მოსახლეობამ ფინანსური გამოწვევები დაძლიოს. ყველა ჩვენგანი იდგა ამ პრობლემების წინაშე. საქართველო სამხრეთ კავკასიის ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანაა და ჩვენ გვინდა, რომ ეს ქვეყანა ევროკავშირს შეუერთდეს, კრემლი კი ყველაფერს აკეთებს, რომ ეს არ დაუშვას და შთაბეჭდილება იქმნება, რომ საქართველოს ხელისუფლება სიამოვნებით ასრულებს კრემლის სურვილებს. ახალგაზრდებს ნამდვილად აქვთ ყველა შესაძლებლობა, რომ გაიმარჯვონ და საქართველო სწორ გზაზე დააყენონ. ჩვენ მზად ვართ, მაქსიმალურად დავეხმაროთ საქართველოს", - განაცხადა Globalnews.ge-სთან საუბრისას ანდრიუს კუბილიუსმა.
0 კომენტარი