"რუსეთი, მომდევნო წლებში, დასავლეთის ქვეყნებთან პოტენციური შეიარაღებული კონფლიქტისთვის ემზადება", - ნათქვამია ესტონეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.
„კრემლი მიიჩნევს, რომ არა მხოლოდ უკრაინელებს ებრძვის, არამედ მოსკოვის მიერ არჩეული გზა ხანგრძლივ დაპირისპირებას გულისხმობს კოლექტიურ დასავლეთთან““, - განაცხადა ესტონეთის დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელმა კაუპო როსინმა. მისივე თქმით, "მიუხედავად იმისა, რომ წელს რუსეთის მხრიდან სამხედრო თავდასხმის შანსები დაბალია, ევროპისა და ესტონეთის საზღვრების მომავალი უსაფრთხოება დამოკიდებულია უკრაინის უნარზე, პარტნიორების მხარდაჭერით რუსული აგრესია შეაჩეროს".
ანგარიშში აღნიშნულია ისიც, რომ რუსეთი სამხედრო წარმოებას მნიშვნელოვნად ზრდის, მათ შორის, საარტილერიო და ჯავშანტექნიკს მიმართულებით, რაც "აძლიერებს მოსკოვის უნარს ბრძოლა განაგრძოს და თუ, დასავლეთი საარტილერიო იარაღის უკრაინისთვის მიწოდებას არ გააძლიერებს, შესაძლოა, რუსეთმა უპირატესობა მოიპოვოს". ესტონური დაზვერვის ინფორმაციითვე, მნიშვნელოვანი ცვლილებები რუსეთის შეიარაღებულ ძალებშიც დაფიქსირდა: "მიმდინარეობს ლენინგრადისა და მოსკოვის სამხედრო ოლქების ფორმირება, რომელიც მიმართულია ნატოს წევრი სახელმწიფოს, ფინეთის წინააღმდეგ". ანგარიშის მიხედვით, რუსეთი გეგმავს, 2026 წლისთვის სამხედრო რესურსი 1,15 მილიონი ჯარისკაციდან 1,5 მილიონამდე გაზრდოს, რათა ნატოსთან პოტენციური კონფლიქტისთვის მოემზადოს. "ცოცხალი ძალის ზრდა ხაზს უსვამს ნატოსა და პარტნიორი ძალების საჭიროებას, მნიშვნელოვნად გააფართოვონ თავიანთი თავდაცვის შესაძლებლობები", - ნათქვამია დოკუმენტში.
0 კომენტარი