Globalnews.ge-სთან საუბრისას, ლიეტუვის სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ჟიგიმანტას პავილიონისი ამბობს, რომ "აღმოსავლეთ ევროპის გაფართოების გეგმა არსებობს", ამ გზაზე კი, უკრაინისთვის დასავლეთის მხარდაჭერა საკვანძო საკითხს წარმოადგენს. 

"პირველ რიგში, აღვნიშნავ, რომ დღეს ჩვენ აბსოლუტურად მკაფიო სტრატეგია გვაქვს - გაფართოება აღმოსავლეთ ევროპაში, რაც მოიცავს ევროკავშირის წევრობაზე მოლაპარაკებების გახსნას უკრაინასა და მოლდოვასთან. ასევე, ვთანხმდებით თანამშრომლობასა და ურთიერთდახმარებაზე სამხედრო მიმართულებით, კერძოდ, ჯარებისა და თავდაცვის ინდუსტრიის აღსადგენად. ეს გახლავთ ჩვენი გეგმა, რომელსაც აბსოლუტურად თანმიმდევრულად მივყვებით. რაც შეეხება ვაშინგტონში ვიზიტს, მაშინ, როდესაც სრულიად შეშლილი ადამიანები მსოფლიოს დაპყრობას ცდილობენ, კონგრესში მცირე ჯგუფი კამათობს საკითხზე, უნდა დაუჭიროს თუ არა მხარი უკრაინისთვის დახმარების დამტკიცებას, არადა, ეს გახლავთ თემა, რომლის სწრაფი გადაწყვეტაც ყველასთვის სრულიად გასაგები უნდა იყოს. ვაშინგტონში ბოლო ერთი თვის განმავლობაში მეორედ ვმართავთ შეხვედრებს იმისთვის, რომ ჩვენს ამერიკელ კოლეგებს ვუთხრათ - გაღვიძების დროა! ზოგჯერ განცდა მაქვს, რომ წინა საუკუნის 40-იან წლების დასაწყისში ვცხოვრობთ იმ განსხვავებით, რომ თუ იგივე პროცესები დღესაც განვითარდება, ეს სამყაროს განადგურებამდე მიგვიყვანს. ამის რისკი კი, ნამდვილად დიდია", - განაცხადა ლიეტუველმა კანონმდებელმა. 

შეკითვაზე, რა გავლენას ახდენს შეერთებულ შტატებში მიმდინარე შიდა პოლიტიკური დისკუსია უკრაინის დახმარებასთან დაკავშირებით, ლიეტუვის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს, რომ "ნებისმიერი სისუსტე ან ესკალაციის შიში დღეს რუსეთში მყოფ მხეცებს კვებავს". 

"კონგრესმენთა მცირე ჯგუფი კაპიტოლიუმში არ აღიარებს, რომ შესაძლოა, გაუცნობიერებლად, მაგრამ ფაქტობრივად, რუსეთისთვის სასარგებლო საქმეს აკეთებს. ისევე როგორც, ტაკერ კარლსონი ფიქრობს, რომ მოსკოვში სიმართლის მოსმენა შეუძლია. ამ ყველაფერს რომ ჩაუღრმავდეთ, ნამდვილად არმაგედონის სცენარს ჰგავს, არა?! დეზინფორმაციის ცნებისა და მისი საშიში გავლენის უარყოფა, მინიმუმ, დამაზიანებელია და ეს არაერთი მაგალითის გახსენებით შეგვიძლია დავასაბუთით. ჩვენ, ლიეტუველებმა რუსეთთან ერთად საუკუნეები ვიცხოვრეთ, ამიტომ მათი სიცრუის ენა ჩვენთვის ანბანივით ცხადი და მარტივად ამოსაცნობია, თუმცა სამწუხაროდ, ვერ ვიტყვით იგივეს დასავლეთის ზოგიერთ სახელმწიფოზე, რომელთა აუდიტორიაზე გავლენის მოხდენას რუსები ჯერ კიდევ ახერხებენ. სქემა კი, უმარტივესია. დღეს რუსები ხვდებიან, რომ უკრაინელებს ბრძოლაში ვერ ამარცხებენ, ამიტომ უფრო მარტივი გზების ძიება დაიწყეს: ნატო-ს დედაქალაქებისა და ვაშინგტონის დეზინფორმაციით “დაპყრობა”. ამ პროცესმა კი, შესაძლოა, დრამატულ შედეგამდე მიგვიყვანოს. სწორედ ამიტომ ვცდილობთ, აქტიურად გავუზიაროთ მათ ჩვენი გამოცდილება. იმ ქვეყნების გამოცდილება, რომლებმაც ფიზიკურად ვიცით, რას ნიშნავს რუსეთის მმართველობის ქვეშ ცხოვრება. სულაც არ არის გადაჭარბებული შეფასება, როდესაც ვამბობთ, რომ როგორც კი დასავლეთის სისუსტეს იგრძნობს, რუსეთი აუცილებლად შეიჭრება ნატო-ს წევრი ქვეყნების ტერიტორიებზეც. რა თქმა უნდა, ასეთ შემთხვევაში, უკლებლივ ყველა, ისინიც კი, ვინც დღეს ეჭვით უყურებენ მოვლენებს, გამოფხიზლდება და ერთად რუსეთს დავამარცხებთ, მაგრამ ეს ხომ უდიდეს დანაკარგთან იქნება დაკავშირებული?! რატომ არ შეგვიძლია ვიმოქმედოთ ახლა და თავიდან ავიცილოთ კრემლის კოშმარული გეგმები? ნებისმიერი სისუსტე და ესკალაციის შიში დღეს რუსეთში მყოფ მხეცებს კვებავს", - აღნიშნა Globalnews.ge-სთან საუბრისას, ლიეტუვის სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ჟიგიმანტას პავილიონისმა. 

0 კომენტარი

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება, აუცილებელი ველები მონიშნულია *