საფრანგეთის პარლამენტის წევრი, ბენჟამინ ჰადადი Globalnews.ge-სთან ინტერვიუში, უკრაინაში არსებულ ვითარებას აფასებს და ამბობს, რომ "უკრაინისთვის დახმარების აღმოჩენა, მთლიანად ევროპის უსაფრთხოებისთვის გადამწყვეტი საკითხია, რაც როგორც ევროპელ ლიდერებს, ისე, შეერთებული შტატების ოფიციალურ პირებსაც ესმით". მისივე განცხადებით, "უკრაინამ უნდა შეძლოს საკუთარი ტერიტორიების დაცვა და მიტაცებული მიწების დაბრუნება".
"უკრაინისთვის დახმარების აღმოჩენა, ჩვენი, მთლიანად ევროპის უსაფრთხოებისთვის გადამწყვეტი საკითხია და ეს გვესმის როგორც ევროპაში, ისე შეერთებულ შტატებშიც, რასაც ვაშინგტონში გამართული შეხვედრებისას ცალსახად ვგრძნობ. თითოეული კონგრესმენი, თუ შეერთებული შტატების ოფიციალური პირი, ჩვენს დიდ დელეგაციასთან ცხადად აფიქსირებს უკრაინის მხარდამჭერ პოზიციას - ჩვენ უნდა ვიყოთ უკრაინის ერთგულნი გრძელვადიან პერსპექტივაში. ეს ეხება როგორც ჩვენი თავისუფლებისა და დემოკრატიული ღირებულებების დაცვას, ასევე, უსაფრთხოების უზრუნველყოფას ევროპის კონტინენტზე. ვფიქრობ, ეს იმ ადამიანების გარდა ყველას ესმის, რომლებიც რუსეთის გავლენით ცდილობენ წარმოაჩინონ, რომ თითქოს დასავლეთი უკრაინაში მიმდინარე ომით გადაღლილია. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, უკრაინამ უნდა შეძლოს საკუთარი ტერიტორიების დაცვა და მიტაცებული მიწების დაბრუნება, ასევე, მიეცეს ფართო შესაძლებლობა, გახდეს ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი სახელმწიფო" - აღნიშნა ინტერვიუში ფრანგმა კანონმდებელმა.
მისივე განცხადებით, იმის გამო, რომ "კიევმა დასავლური მომავალი აირჩია, რუსეთი უკრაინული იდენტობის წაშლას და მისი, როგორც სახელმწიფოს დასრულებას გეგმავს".
"უკრაინამ დასავლური მომავალი აირჩია, სწორედ ამიტომ, რუსეთმა ღიად და საჯაროდ გამოაცხადა, რომ სურს უკრაინული იდენტობა წაშალოს და მისი, როგორც სახელმწიფოს არსებობა დაასრულოს. ეს ხომ ფაქტია? არ მესმის, ამის შემდეგ, რუსულმა პროპაგანდამ როგორ უნდა მოახდინოს გავლენა იმ ადამიანებზე, რომლებიც კრემლის განცხადებებს საჯაროდ ისმენენ. რა თქმა უნდა, ეს საფრთხეს უქმნის სრულიად დემოკრატიულ საერთაშორისო სისტემას, რომლის დაცვის სადარაჯოზეც ერთად უნდა ვიდგეთ. პუტინის სტრატეგიაა, დაგვყოს და უკრაინაზე ფოკუსი ეტაპობრივად დავკარგოთ, თუმცა ამ მიზანს ვერ აღწევს და არსებობს მყარი მოლოდინი, რომ ვერც ვერასდროს შეძლებს. დასავლეთის ასეთი ერთიანობა მას ყველაზე მეტად აცოფებს, რასაც დარწმუნებული ვარ, უკრაინაში შეჭრისას ვერც კი წარმოიდგენდა. რუსეთი ევროპული ქვეყნებისთვის არამხოლოდ საგარეო საფრთხედ იქცა, ის ტრანსფორმირდა შიდა საფრთხედაც, რადგან შიდა პოლიტიკურ განხილვებშიც კი, უკვე ბევრს ვსაუბრობთ, თუ როგორ უნდა გავუმკლავდეთ კრემლიდან მომავალ გამოწვევებს. სამწუხაროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ წლების წინ, ასეთი მიდგომა ნამდვილად არ გვქონდა. ჩვენმა სტრატეგიამ რუსეთთან არ იმუშავა და დღეს ჩანს, რომ შეცდომაც კი იყო. თუმცა შეცდომის გამოსწორების დრო ყოველთვის გვაქვს და ახლა ვითარების შეცვლა სწორედ იმით შეგვიძლია, კრემლს გამარჯვების შესაძლებლობა არ მივცეთ. თუ გარკვეული ჯგუფი, სკეპტიკურად იყო განწყობილი დეკემბრის სამიტის წინ და ფიქრობდა, რომ უკრაინასთან ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების გახსნას ვერ შევძლებდით, ევროსაბჭომ ამ გადაწყვეტილების მიღება მოახერხა. ეს ისტორიული შეთანხმება გახლდათ და დარწმუნებული ვარ, სწრაფი ტემპით შევძლებთ კიდევ უფრო მაღალ საფეხურებზე გადასვლას", - განაცხადა საფრანგეთის პარლამენტისა და მმართველი პარტიის წარმომადგენელმა ბენჟამინ ჰადადმა Globalnews.ge-სთან ინტერვიუში.
0 კომენტარი