დღეს, 16 დეკემბერს, ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების მორიგი შეხვედრა იმართება. როგორც წინასწარ დაანონსდა, საქართველოს საკითხი განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება.
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს შეხვედრის დაწყებამდე, უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა თქვა, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნები საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ მისაღებ ზომებზე იმსჯელებენ. როგორც მან მედიის წარმომადგენლებს უთხრა, საქართველოში განვითარებული მოვლენები არ შეესაბამება "იმ მიმართულებას, საითაც [ევროკავშირის წევრობის] კანდიდატი ქვეყანა უნდა მიდიოდეს". მას დასძინა ისიც, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები იმსჯელებენ, თუ რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს საქართველოს მთავრობის მხრიდან "ოპოზიციის წინააღმდეგ რეპრესიების გამოყენებას".
"რისი გაკეთებაც შეგვიძლია ევროპული მხრიდან... ერთი საკითხი იქნება სანქციები, მეორე საკითხია ასევე უვიზო რეჟიმის შეზღუდვა", - თქვა კაია კალასმა.
მედიის შეკითხვაზე, საგარეო საქმეთა მინისტრები განიხილავენ თუ არა "ქართული ოცნების" ლიდერებისთვის პირადი სანქციების დაწესების საკითხს, ესტონელმა პოლიტიკოსმა უპასუხა, რომ "სია უკვე შეთავაზებულია. განვიხილავთ ამ სიას, მაგრამ ამას ყველა უნდა დაეთანხმოს, ჩვენ კი აქამდე არ მივსულვართ. ვნახოთ, თუ აქამდე მივალთ", - თქვა კაია კალასმა.
0 კომენტარი