საფრანგეთის პრეზიდენტსა და "ქართული ოცნების" დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილს შორის ერთსაათიანი სატელეფონო საუბრის შემდეგ, პოლონეთის პრემიერ-მინისტრთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე, ემანუელ მაკრონმა საქართველოსთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელმა ევროპულ გზას უღალატა, რაც "საპირისპიროა იმისა, რასაც ამომრჩევლებს მთელი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ჰპირდებოდნენ".
"ჩვენ განვათავსეთ კიბერუსაფრთხოების ინსტრუმენტები, ასევე მხარი დავუჭირეთ დეზინფომაციის წინააღმდეგ ბრძოლას, მაგრამ აუცილებელია გავზარდოთ ჩვენი ძალისხმევა ამ ქვეყნების მიმართ. საქართველო აშკარად გახდა ძალიან ნათელი თავდასხმებისა და მანიპულაციების სამიზნე და აქ მინდა კვლავ განვაცხადო ჩვენი სრული მხარდაჭერა დემოკრატიის დამცველებისა და საქართველოს ევროპული გზის მხარდამჭერების მიმართ. ჩვენი ღრმა შეშფოთება ეხება ახალგაზრდების მიმართ ძალიან მძიმე რეპრესიებს, მთავრობის ხელმძღვანელის შემაშფოთებელ განცხადებებს და ფაქტობრივად, ევროპული გზის ღალატს არჩევნების შემდეგ, რაც, თავის არსში, სრულიად საპირისპიროა იმისა, რასაც ამომრჩევლებს მთელი კამპანიის განმავლობაში ჰპირდებოდნენ", - თქვა საფრანგეთის პრეზიდენტმა.
11 დეკემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილსა და საფრანგეთის პრეზიდენტს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ფრანგულმა მხარემ გაავრცელა განცხადება, რომ საუბრისას ემანუელ მაკრონმა ყველა თვითნებურად დაპატიმრებული პირის გათავისუფლება მოითხოვა და ივანიშვილს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების პატივისცემისკენ მოუწოდა.
0 კომენტარი