"უჭერთ თუ არა მხარს, კონსტიტუციაში ჩაიწეროს, რომ მოლდოვას სურს ევროკავშირის წევრობა?" - მომავალი პრეზიდენტის არჩევის პარალელურად, მოლდოველებს, 20 ოქტომბერს, სწორედ ამ შეკითხვაზე უნდა გაეცათ პასუხი. ამ ეტაპისთვის, ევროინტეგრაციის საკითხზე რეფერენდუმი დასრულებული და ბიულეტენების 100%-ი დათვლილია. მოსახლეობის 50.46%-მა ქვეყნის ევროინტეგრაციას დაუჭირა მხარი,49.54% კი წინააღმდეგი აღმოჩნდა. როგორც ირკვევა, რეფერენდუმის ბედი 13 596 ხმამ გადაწყვიტა.
რაც შეეხება საპრეზიდენტო არჩევნებს, გამარჯვებული მეორე ტურში გამოვლინდება, რომელიც 3 ნოემბერს ჩატარდება. მოქმედ პრეზიდენტ მაია სანდუს ამომრჩეველთა 42%-მა დაუჭირა მხარი. მეორე ადგილზე კი, მოლდოვის ყოფილი გენერალური პროკურორი ალექსანდრ სტოიანოგლო 26%-იანი მხარდაჭერით გავიდა. ორ კვირაში ჩანიშნულ მეორე ტურში სწორედ ეს ორი კანდიდატი მიიღებს მონაწილეობას.
თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ რუსეთმა მოლდოვას წინსვლა არჩევნებში ვერ შეაფერხა.
"მოსკოვი აქტიურად მუშაობდა მოლდოვას არჩევნებისა და ევროინტეგრაციისთვის ძირი გამოეთხარა, თუმცა რუსეთმა წარმატებას ვერ მიაღწია. როგორც შედეგები აჩვენებს, მოლდოვის დემოკრატია ძლიერია", - განუცხადა ჟურნალისტებს თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სპიკერმა ჯონ კირბიმ.
ევროკავშირს მოლდოვის არჩევნების შესახებ ოფიციალური განცხადება ამ ეტაპზე არ გაუკეთებია, თუმცა საგარეო პოლიტიკური სამსახურის წარმომადგენლის, პიტერ სტანომ თქვა, რომ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნები და ევროინტეგრაციის რეფერენდუმი რუსეთის უპრეცედენტო ჩარევით ჩატარდა.
"ჩვენ ვიცით რომ ხმის მიცემა ჩატარდა რუსეთისა და მისი ძალების მხრიდან უპრეცედენტო ჩარევითა და დაშინებით. ისინი ცდილობდნენ მოლდოვაში დემოკრატიული პროცესის დესტაბილიზაციას", - აღნიშნა პიტერ სტანომ.
0 კომენტარი