დღეს, 20 ოქტომბერს, მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება, რომლის პარალელურად მოქალაქეებმა რეფერენდუმის გზით უნდა გადაწყვიტონ, ჩაიწერება თუ არა კონსტიტუციაში, რომ მოლდოვა ევროკავშირის წევრი უნდა გახდეს. სწორედ ამიტომ, მოლდოვა მნიშვნელოვანი არჩევანის ზღვარზეა, რომელმაც უნდა განსაზღვროს მოლდოველი ხალხი საკუთარ მომავალს ევროკავშირს დაუკავშირებს, თუ რუსეთის გავლენის ქვეშ დაბრუნება. 

მოლდოვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, შუადღისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ 33.3%-ს გადააჭარბა, რაც  იმას ნიშნავს, რომ კენჭისყრა შედგა. ქვეყნის მოქმედი პროდასავლელი პრეზიდენტი მაია სანდუ კონკურენციას 10 კანდიდატს უწევს. მისი მთავარი ოპონენტი ყოფილი გენერალური პროკურორი ალექსანდრ სტოიანოგლოა, რომელიც "სოციალისტურმა პარტიამ" ყოფილი პრეზიდენტის, იგორ დოდონის, ნაცვლად წარადგინა. 

წინასაარჩევნო კვლევების მიხედვით, არჩევნების პირველ ტურში ხმების საჭირო უმრავლესობის მოგროვებას ვერცერთი კანდიდატი ვერ შეძლებს და მეორე ტურის ჩანიშვნა გახდება აუცილებელი. ამის მიუხედავად, საგრძნობია სხვაობა მოლდოვის ამჟამინდელ პროდასავლელ პრეზიდენტს, მაია სანდუსა და სხვა კანდიდატებს შორის. რაც შეეხება რეფერენდუმს, რომელიც ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ კურსს უკავშირდება, კვლევების მიხედვით, მოლდოვის ევროკავშირში გაწევრებას მხარს ამომრჩეველთა 60%-ზე მეტი დაუჭერს. 

არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე WatchDog-მა კვლევის შედეგები გამოაქვეყნა, რომელის მიხედვითაც, სანდუს ამომრჩეველთა 35,8% უჭერს მხარს, მეორე ადგილს კი, პრორუსი კანდიდატი, ალექანდრ სტოიანოგლო 9.0%-ით იკავებს. მესამე ადგილზე, რუსეთში გამდიდრებული ბიზნესმენი, რენატო უსატია 6.4%-ით. საპრეზიდენტო არჩევნებში ოფიციალურად რეგისტრირებული დარჩენილი რვა კანდიდატის მხარდაჭერა კი 5%-ზე ნაკლებია. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული კვლევებით, არჩევნებამდე ამომრჩეველთა 30% კვლავ გადაუწყვეტელი გახლდათ.

"მოლდოვის ბედი არა ბინძურმა ფულმა ან ტყუილებმა, არამედ მოლდოვის მოქალაქეებმა უნდა გადაწყვიტონ. მე ხმა მოლდოვის მშვიდობითა და თავისუფლებით განვითარებას მივეცი. ხმა მივეცი ისეთი მომავლის აშენებას, როგორიც ქვეყანას სურს და როგორსაც იმსახურებს. თითოეული თქვენგანი უნდა გამოვიდეს არჩევნებზე, რადგან აბსოლუტურად ყველა ხმა მნიშვნელოვანია. თქვენი ხმა თქვენი სათქმელია საკუთარ ბედზე. ეს არის არჩევანი, რომელიც გადაწყვეტს, თუ როგორ იცხოვრებთ ხვალიდან", – განაცხადა მაია სანდუმ ხმის მიცემის შემდეგ. 

თუ მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული პირველ ტურში ვერ გამოვლინდა, მოლდოვაში არჩევნების მეორე ტური 3 ნოემბერს გაიმართება. 

 

0 კომენტარი

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება, აუცილებელი ველები მონიშნულია *