აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, Decision Desk HQ-ის მონაცემების მიხედვით, ნიუ ჰემფშირის პრაიმერისში გაიმარჯვა. რესპუბლიკური პარტიის კიდევ ერთმა საპრეზიდენტო კანდიდატმა, ნიკი ჰეილიმ, ყოფილ პრეზიდენტს გამარჯვება უკვე მიულოცა, თუმცა დასძინა, რომ „საარჩევნო რბოლის დასრულებამდე, ჯერ კიდევ დიდი დროა”.
პარალელურად, Decision Desk HQ-ის მონაცემებითვე, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, ნიუ ჰემფშირის შტატის დემოკრატიული პარტიის პრაიმერისში მოიპოვა გამარჯვება. აღსანიშნავია, რომ მისი სახელი ბიულეტენზე მითითებული არ გახლდათ და ოფიციალურად, მხოლოდ ორი დემოკრატი კანდიდატი - დინ ფილიპსი და მარიან უილიამსონი იყო რეგისტრირებული. პრეზიდენტმა ბაიდენმა შტატში საარჩევნო განაცხადი არ შეავსო, რისი მიზეზიც პრაიმერისის თარიღთან დაკავშირებული უთანხმოება გახლდათ. დემოკრატიულმა პარტიამ განაცხადა, რომ პირველი პრაიმერისის ჩატარება სამხრეთ კაროლინას შტატში სურს, რადგან ამ შტატში უფრო მრავალფეროვანი მოსახლეობა ცხოვრობს, ნიუ-ჰემფშირში კი, მოსახლეობის 90% თეთრკანიანია, თუმცა ნიუ ჰემფშირის შტატის კონსტიტუციის მიხედვით, პირველი პრაიმერისი სწორედ ამ შტატში უნდა ჩატარდეს. ადგილობრივმა მთავრობამ, რომელსაც რესპუბლიკელები აკონტროლებენ, დემოკრატიული პარტიის შეთავაზებული ცვლილება არ გაითვალისწინა. სწორედ ამ მოცემულობის გათვალისწინებით, დემოკრატიულმა პარტიამ განაცხადა, რომ ნიუ ჰემფშირის შედეგები პრაიმერის ოფიციალურად შედეგად ვერ ჩაითვლება და ის მხოლოდ პარტიის არსებულ მხარდაჭერას გამოავლენს.
მიუხედავად აღნიშნული უთანხმოებისა, როგორც ამერიკული მედია წერს, ნიუ ჰემფშირის შტატში გამარჯვება ქვეყნის მოქმედ პრეზიდენტს მეტ სტიმულს მისცემს გააქარწყლოს მოსაზრება, რომ "მისი კიდევ ერთი საპრეზიდენტო ვადით დასახელების საკითხზე, დემოკრატიულ პარტიაში ნაკლები ენთუზიაზმია", რომლის მიზეზად, მოქმედი პრეზიდენტის ასაკი და ახალგაზრდა ამომრჩეველთა შესაძლო პასიურობა სახელდება.
ამერიკული მედიის შეფასებითვე, ნიუ ჰემფშირის შტატის შედეგები გახლდათ ერთგვარი ტესტი, სავარაუდო საფინალო კონკურენტების, პრეზიდენტ ბაიდენისა და ყოფილი პრეზიდენტ ტრამპის პოლიტიკური მხარდაჭერის შესადარებლადაც. Decision Desk HQ-ისა და The Hill-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვების ერთობლიობა აჩვენებს, რომ ჰიპოთეტურ საარჩევნო მარათონში, დონალდ ტრამპი აშშ-ის მოქმედ პრეზიდენტს 1,1 %-ით უსწრებს.
0 კომენტარი