აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, აიოვას შტატში გამართულ საპრეზიდენტო ყრილობაში გამარჯვებას ზეიმობს. ამერიკული მედიის ცნობით, აიოვაში მოპოვებული გამარჯვება, ყოფილ პრეზიდენტს კარგ სასტარტო პოზიციაში აყენებს, რათა რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატად, საბოლოოდ დაწინაურდეს. წინასწარი მონაცემებით, ყრილობაზე, ფლორიდის გუბერნატორი რონ დესანტისი მეორე ადგილზე გავიდა, გაერო-ში ყოფილმა ელჩმა, ნიკი ჰეილიმ კი, მესამე ადგილი დაიკავა. 

ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, აიოვას შტატში გამარჯვება, ოჯახის წევრებთან და მისი წინასაარჩევნო კამპანიის წარმომადგენლებთან ერთად უკვე აღნიშნა. მან მხარდამჭერებისადმი მიმართვა, გაერთიანების მოწოდებით დაიწყო და აღნიშნა, რომ "რესპუბლიკელი იქნება, თუ დემოკრატი, დროა ყველანი ერთად დადგნენ".

აიოვას შტატის შემდეგ, საარჩევნო რბოლის მთელი აქცენტი, ახლა ნიუ ჰემფშირისკენაა მიმართული, სადაც 23 იანვარს, რესპუბლიკური პარტიის პირველი პრაიმერისია დაგეგმილი. მოლოდინია, რომ აიოვასგან განსხვავებით, გაერო-ში ყოფილი ელჩი ნიკი ჰეილი, ნიუ ჰემფშირში მეტი მხარდაჭერის მობილიზებას შეძლებს. 

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, საარჩევნო კამპანიის პარალელურად, მის მიმართ არსებული სისხლისსამართლის ბრალდებებზე პასუხის გაცემას ცდილობს. მითუმეტეს, რომ რამდენიმე შტატში, მას დისკვალიფიკაცია ემუქრება. როგორც ცნობილია, კოლორადოს შტატის უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ ყოფილი პრეზიდენტი საარჩევნო მარათონს უნდა გამოეთიშოს, რადგან "მან კონსტიტუციის წინაშე დადებული ფიცი, 2021 წლის 6 იანვარს განხორციელებული ქმედებით დაარღვია". თავად ყოფილი პრეზიდენტი მის მიმართ არსებულ სამართლებრივ შეკითხვებს, პოლიტიკურ თავდასხმად აფასებს და აცხადებს, რომ ის "საპრეზიდენტო მარათონში მონაწილეობის გამო, პოლიტიკური ნადირობის მსხვერპლია".

0 კომენტარი

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება, აუცილებელი ველები მონიშნულია *