უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, ვაშინგტონს უკრაინის დახმარების გაგრძელებისკენ მოუწოდებს, რადგან დახმარების არსებული პაკეტი იწურება. მისივე განცხადებით, დახმარების დაბლოკვა “პუტინის ოცნებაა, რადგან მხოლოდ ისაა შთაგონებული კონგრესში ამ დრომდე გადაუჭრელი საკითხით”.
არსებობს მოლოდინი, რომ პრეზიდენტი ზელენსკი, მსგავს განცხადებას, თეთრ სახლში, პრეზიდენტ ბაიდენთან შეხვედრაზეც გააკეთებს. პრეზიდენტების შეხვედრა, საქართველოს დროით, დღეს, ღამის პირველ საათზეა დაგეგმილი. დღესვე, უკრაინის პრეზიდენტი შეხვდება კონგრესის ქვედა პალატის ახლადარჩეულ სპიკერ მაიკ ჯონსონს, რომელიც უკრაინისთვის დამატებითი სამხედრო დახმარების მიწოდებასთან დაკავშირებით სკეპტიკოსთა რიგებშია.
აშშ-ის სამხედრო დახმარების პაკეტი, 60 მილიარდი დოლარის ღირებულებისაა და ამჟამად, მისი განხილვა კონგრესში შეჩერებულია რესპუბლიკელთა ნაწილის წინააღმდეგობის გამო, რომლებიც ამტკიცებენ, რომ უფრო მეტი თანხა შეერთებული შტატების შიდა უსაფრთხოებასა და აშშ-მექსიკის საზღვრის დაცვაზე უნდა დაიხარჯოს.
“გულწრფელად რომ ვთქვათ, ჩვენ არ ვაპირებთ სხვა ქვეყნების დახმარებას, თუ თვალს არ გავუსწორებთ შეერთებულ შტატებში არსებულ გამოწვევებს”- ამბობს რესპუბლიკელი სენატორი ჯეიმს ლანკფორდი.
კონექტიკუტის დემოკრატი სენატორი, კრის მერფი კი აცხადებს, რომ თეთრი სახლი ყოვლისმომცველ ფინანსურ პაკეტზე შეთანხმების მისაღწევად აქტიურად ჩაერთვება, რათა კონგრესში გამოსავალი მოიძებნოს.
პრეზიდენტმა ბაიდენმა, კანონმდებლებს მოუწოდა, ფინანსურ პაკეტს მხარი დაუჭირონ. სატელევიზიო მიმართვისას მან თქვა, რომ დრო არ ითმენს, რადგან რუსეთი უკრაინაში გამარჯვების შემთხვევაში, არ შეჩერდება.
0 კომენტარი