ოვალურ კაბინეტში დაბრუნებულ დონალდ ტრამპს სამუშაო მაგიდა სავსე დახვდა. პირველ რიგში, მან გააუქმა ის ბრძანებები, რომლებსაც თავის დროზე ბაიდენმა მოაწერა ხელი. აღმასრულებელი ბრძანება 14-115 ერთ-ერთია, რომელიც არალეგალ ისრაელელებს დასავლეთ სანაპიროზე ჩადენილი ძალადობის, ექსტრემისტული ქმედებებისა თუ ქონების ხელყოფის გამო სანქციებს უწესებდა.
დღესვე, 21 იანვარს, დასავლეთ სანაპიროზე ისრაელმა ფართომასშტაბიანი ანტიტერორისტული ოპერაცია დაიწყო, სახელწოდებით "რკინის კედელი". ბენიამინ ნეთანიაჰუ პლატფორმა X-ზე წერს, რომ ეს ირანული დაჯგუფებების წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯია. ცნობილია, რომ ის მომდევნო კვირას ვაშინგტონს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა. ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ ომის დანაშაულში ბრალდებულ პრემიერსა და აშშ-ის ახლად არჩეულ პრეზიდენტს შორის შეხვედრა ცეცხლის შეწყვეტის დროებით შეთანხმებაზე, ისრაელელი ტყვეების გათავისუფლებასა და რეგიონში ურთიერთობების ნორმალიზების საკითხს შეეხება. ამ მხრივ აქტუალურია საუდის არაბეთისა და ისრაელის ურთიერთობის პერსპექტივა.
ინაუგურაციის შემდეგ ოვალურ კაბინეტში მისულ ტრამპს ჰკითხეს, არის თუ არა დარწმუნებული ისრაელსა და "ჰამასს" შორის არსებული შეთანხმების შენარჩუნებაში, მისი სამივე ფაზის განმავლობაში.
"მე არ ვარ დარწმუნებული ამაში. ეს მათი ომია, ეს არ არის ჩვენი ომი, თუმცა ვფიქრობ, მეორე მხარე ახლა ძალიან შესუსტებულია. მე ვუყურებ სურათს ღაზაში, ის ჰგავს მასიური ნგრევის ადგილს, რომელსაც ესაჭიროება აღდგენა და ეს უნდა მოხდეს განსხვავებული გზით", – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
ტრამპმა არ გამორიცხა, რომ ღაზის სექტორს აღდგენაში დაეხმაროს. ცნობილია, რომ პალესტინის პრეზიდენტმა მაჰმუდ აბასმა გამოთქვა მზაობა, პალესტინის მთავრობამ სრული პასუხისმგებლობა აიღოს ღაზაზე. არაბული სამყაროს სხვა ქვეყნების მსგავსად ერთ-ერთი იყო აბასი, ვინც ტრამპს გაპრეზიდენტება მიულოცა. ამის შესახებ პალესტინის საინფორმაციო სააგენტომ, "ვაფამ" დაწერა.
"ჩვენ მზად ვართ, ვიმუშაოთ თქვენთან ერთად, რათა მივაღწიოთ მშვიდობას თქვენი ხელმძღვანელობის პერიოდში საერთაშორისო ლეგიტიმაციაზე დაფუძნებული ორი სახელმწიფოს პრინციპით. ეს ხედვა ესწრაფვის მშვიდობიან და უსაფრთხო თანაცხოვრებას პალესტინის სახელმწიფოსა და ისრაელის სახელმწიფოს შორის. ეს ჩვენს რეგიონსა და მსოფლიოში სტაბილურობისა და უსაფრთხოების გარანტიაა", – აღნიშნა მაჰმუდ აბასმა.
ტრამპმა უკვე განაცხადა, რომ სურს, ისტორიის ფურცლებზე მშვიდობისმყოფელ და გამაერთიანებელ პრეზიდენტად შევიდეს. თუმცა მოახერხებს თუ არა ამ მასშტაბისა და ხანგრძლივობის კონფლიქტში გარდატეხის შეტანას, ამაში დარწმუნებული არაა.
0 კომენტარი