აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი თავდაცვის მდივნის ლოიდ ოსტინის თანამდებობიდან გათავისუფლებას არ განიხილავს. ამ საკითხის ირგვლივ მსჯელობა მედიაში მას შემდეგ დაიწყო, რაც ცნობილი გახდა, რომ გასულ კვირას, თავდაცვის მდივანმა, მისი უოლტერ რიდის ეროვნულ სამხედრო სამედიცინო ცენტრში, ქირურგიული პროცედურის ჩასატარებლად გადაყვანის შესახებ ინფორმაცია არ გაამხილა. ფაქტმა მედიაში გააჩინა დამატებითი კითხვები, თუ რა დაავადება აწუხებს მას და რატომ გადაწყვიტა ასეთი მგრძნობიარე საკითხის საიდუმლოდ შენახვა.
პენტაგონმა უკვე გააკეთა განცხადება, რომ ლოიდ ოსტინი თანამდებობიდან გადადგომას არ აპირებს. „ის რჩება ორიენტირებული თავდაცვის მდივნის მოვალეობის შესრულებაზე ჩვენი ერის დასაცავად“, - თქვა მედიასთან აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა გენერალ-მაიორმა პატრიკ რაიდერმა.
რესპუბლიკელებმა, მათ შორის, აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, ლოიდ ოსტინის თანამდებობიდან გათავისუფლება მოითხოვეს. საპასუხოდ კი, თეთრი სახლის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ პრეზიდენტი თავდაცვის მდივანს არ გაათავისუფლებს იმ შემთხვევაშიც კი, თუ მსგავსი შემოთავაზება იქნება. გავრცელდა ინფორმაციაც, რომ პრეზიდენტმა ბაიდენმა და თავდაცვის მდივანმა ტელეფონით 1 იანვარსვე ისაუბრეს, რა დროსაც პრეზიდენტმა თავდაცვის მდივანს უთხრა, რომ პენტაგონში მის დაბრუნებას მოუთმენლად ელოდება.
ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა ჯონ კირბიმ ჟურნალისტებთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ პრეზიდენტი ბაიდენი "პატივს სცემს მდივან ოსტინის გადაწყვეტილებას, ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციის გაუმჭვირვალობის შესახებ" და რომ ეს თავდაცვის მდივნის პოსტზე გავლენას არ მოახდენს.
”ახლა ჩვენი მთავარი ყურადღება თავდაცვის მდივნის ჯანმრთელობაზეა ფოკუსირებული, რათა დავრწმუნდეთ, რომ ის ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად შესაბამის ზრუნვასა და მხარდაჭერას იღებს”, - დასძინა მან. ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა უარი თქვა ჟურნალისტებთან თავდაცვის მდივნის ამჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მეტი ინფორმაციის გაზიარებაზე, მაგრამ აღნიშნა, რომ ის საავადმყოფოდანაც მუშაობდა და ახლო მომავალში პენტაგონში დაბრუნდება.
0 კომენტარი