ფლორიდის გუბერნატორი, რონ დესანტისი, აშშ-ის საპრეზიდენტო მარათონს გამოეთიშა და მხარი ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს დაუჭირა. მან მოულოდნელი ვიდეომიმართვა, ნიუ ჰემშირში დაგეგმილი რესპუბლიკური პარტიის პრაიმერისის წინ, სოციალურ ქსელ X-ში გამოაქვეყნა. რონ დესანტისმა, რომელიც შეერთებული შტატების საპრეზიდენტო რალის დასაწყისში, ერთ-ერთ საკმაოდ ძლიერ კანდიდატად მიიჩნეოდა, აღნიშნა, რომ ახლა მისთვის "გამარჯვების გზა ნათელი არ გახლავთ". მისივე თქმით, „ცხადი ხდება, რომ რესპუბლიკელ ამომრჩეველთა უმრავლესობას სურს, კიდევ ერთი შანსი დონალდ ტრამპს მისცეს".
"თუ რამე შემეძლო გამეკეთებინა ხელსაყრელი შედეგის მისაღწევად, კამპანიის კიდევ უფრო გააქტიურება, მეტი ინტერვიუ მედიასთან, ამ ყველაფერს გავაკეთებდი, მაგრამ არ შემიძლია ჩვენს მხარდამჭერებს ვთხოვო, დახარჯონ დრო და შემოგვწირონ მათი რესურსები, თუ გამარჯვებისკენ გზა ნათელი არ იქნება. შესაბამისად, დღეს ჩემს კამპანიას ვაჩერებ. მიუხედავად იმისა, რომ დონალდ ტრამპთან უთანხმოება მქონდა, მათ შორის, კორონავირუსის პანდემიასა და ენტონი ფაუჩის საკითხთან დაკავშირებით, ახლა მისი შესაძლებლობლები პრეზიდენტ ჯო ბაიდენის რესურსებს აღემატება. ამიტომ, ხელი მოვაწერე შეთანხმებას და დონალდ ტრამპს, როგორც რესპუბლიკელ კანდიდატს, მხარს დავუჭერ. ამ პირობას შევასრულებ“, - აღნიშნა ფლორიდის გუბერნატორმა. მისივე თქმით, დონალ ტრამპი მის მოწონებას იმის გამოც იმსახურებს, რომ "რესპუბლიკურ პარტიაში წარსული ჯგუფების ან თბილი კორპორატიზმის ახლებურად შეფუთული ფორმის დაბრუნება დაუშვებელია, რომელსაც ნიკი ჰეილი წარმოადგენს“.
ფლორიდის გუბერნატორის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, რესპუბლიკური პარტიის კიდევ ერთმა კანდიდატმა, ნიკი ჰეილიმ თქვა, რომ ახლა ის "ერთადერთია", ვისაც არჩევნებში აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის დამარცხება შეუძლია. ”ამ რბოლაში ორი ადამიანია და ეს არის ის, რაც ჩვენ ყოველთვის გვინდოდა”, - აღნიშნა მან CNN-თან ინტერვიუში.
ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კი, ნიუ ჰემფშირში ამომრჩევლებთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ "ბატონი დესანტისის ხმების უმრავლესობა სწორედ მის სასარგებლოდ აისახება, მიუხედავად იმისა, რომ ის ამის გარეშეც შეძლებდა გამარჯვების მოპოვებას".
აღსანიშნავია, რომ გასულ კვირას, აიოვას შტატის შიდაპარტიულ არჩევნებში, ფლორიდის გუბერნატორმა, რონ დესანტისმა მესამე ადგილი დაიკავა, როდესაც ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა: დონალ ტრამპი - 51%, ნიკი ჰეილი - 21%, რონ დესანტისი - 19%.
ახლა რესპუბლიკურ პარტიას ორი საპრეზიდენტო კანდიდატი ჰყავს - ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და აშშ-ის ყოფილი ელჩი გაერო-ში, ნიკი ჰეილი. საბოლოოდ, რომელი მათგანი მიიღებს საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკური პარტიის სახელით მონაწილეობას, პარტიის შიდა პრაიმერისით გადაწყდება.
0 კომენტარი