კოლორადოს უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, კონსტიტუციის საწინააღმდეგო მოქმედების გამო, შტატის მასშტაბით საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებს. სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ დონალდ ტრამპი უფლებამოსილი კანდიდატი არ გახლავთ. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც მოსამართლემ საპრეზიდენტო კანდიდატის დისკვალიფიკაციისთვის, შეერთებული შტატების კონსტიტუციის მე-14 შესწორების მე-3 ნაწილი გამოიყენა. გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა მომავალ თვემდეა შეჩერებული.

კოლორადოს სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება სხვა შტატებზე არ ვრცელდება და ის პირდაპირ ეხება 5 მარტს, კოლორადოს შტატში დანიშნულ პრაიმერისს, როდესაც რესპუბლიკელმა ამომრჩეველმა საპრეზიდენტო კანდიდატი უნდა აირჩიოს, თუმცა გადაწყვეტილებამ, შესაძლოა, გავლენა მოახდინოს მომავალი წლის საყოველთაო საპრეზიდენტო არჩევნებზეც.

მოსამართლეების გადაწყვეტილებაში წერია: “დასკვნებს მსუბუქად არ ვიღებთ. ჩვენ გავითვალისწინეთ საკითხიც მასშტაბი. ასევე, ვაცნობიერებთ ჩვენს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას ვიმოქმედოთ მხოლოდ კანონის შესაბამისად, შიშისა და კეთილგანწყობის, ან საზოგადოებრივი რეაქციის ზემოქმედების გარეშე. სასამართლომ დაადგინა, რომ ბატონი ტრამპი 2021 წლის ანტიკონსტიტუციურ ამბოხში მონაწილეობდა, როდესაც მისი მხარდამჭერები კონგრესში უკანონოდ შეიჭრნენ და ეს ხდებოდა იმ დროს, როდესაც კანონმდებლები პრეზიდენტ ჯო ბაიდენის არჩევნებში გამარჯვებას ამტკიცებდნენ”.

ყოფილი პრეზიდენტის საარჩევნო კამპანიის სპიკერმა სტივ ჩენგმა მოსამართლეები გააკრიტიკა და თქვა, რომ გადაწყვეტილებას “სამართლებრივი ხარვეზები აქვს”. მისივე მტკიცებით, უზენაესი სასმართლოს მოსამართლეები დემოკრატი გუბერნატორების მიერ არიან დანიშნულნი.

“დემოკრატიული პარტიის ლიდერები პარანოიის მდგომარეობაში არიან იმ მზარდი რეიტინგის გამო, რაც პრეზიდენტ ტრამპს მოახლოებულ არჩევნებში აქვს”,-თქვა დონალ ტრამპის საარჩევნო კამპანიის სპიკერმა სტივენ ჩენგმა და დასძინა, რომ ყოფილი პრეზიდენტის იურიდიული გუნდი საჩივარს შეერთებული შტატების უზენაეს სასამართლოში შეიტანს.

პრეზიდენტ ბაიდენის საარჩევნო კამპანიის წარმომადგენლებმა კოლორადოს შტატის სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე კომენტარი არ გააკეთეს, რესპუბლიკელებმა კი, გადაწყვეტილება დაგმეს, მათ შორის, კონგრესის ქვედა პალატის სპიკერმა მაიკ ჯონსონმა, რომელმაც მოსამართლეების გადაწყვეტილებას “ფარული პარტიზანული თავდასხმა" უწოდა.

„მიუხედავად პოლიტიკური კუთვნილებისა, ხმის მისაცემად დარეგისტრირებულ თითოეულ მოქალაქეს არ უნდა წაერთვას უფლება მხარი დაუჭიროს ჩვენს ყოფილ პრეზიდენტს და ადამიანს, რომელიც რესპუბლიკური პრაიმერის ყველა გამოკითხვაში ლიდერია“, - თქვა მან.

თავად ყოფილს პრეზიდენტს, რომელიც გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, აიოვას საარჩევნო კამპანიის ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა, გადაწყვეტილება არ შეუფასებია, თუმცა მისი მხარდამჭერების მიმართ გაგზავნილ წერილებში ნათქვამია, რომ “ასე იბადება დიქტატურები”.

სარჩელის ინიციატორები ორგანიზაციები “Citizens for Responsibility” და “Ethics in Washington”-ი იყვნენ, რომლებიც კოლორადოს სასამართლოს გადაწყვეტილებას მიესალმნენ და თქვეს, რომ მხოლოდ ისტორიული და სამართლიანი გადაწყვეტილებაა, არამედ, აუცილებელია ქვეყანაში დემოკრატიის მომავლის გადასარჩენად.

ანალოგიური სარჩელები ნიუ-ჰემფშირში, მინესოტასა და მიჩიგანის შტატებშიც იყო შეტანილი, თუმცა მოსამართლეებმა ის არ დააკმაყოფილეს.

შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიმართ სისხლის სამართლის ოთხი საქმეა აღძრული, მათ შორის, სახელმწიფო ბრალდება არჩევნების პროცესზე დივერსიული მცდელობების გამო.

 

0 კომენტარი

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება, აუცილებელი ველები მონიშნულია *