უკრაინასა და აშშ-ს შორის მოლაპარაკებები დაიწყო. საუდის არაბეთის ქალაქ ჯიდაში დახურულ კარს მიღმა ერთმანეთს ვაშინგტონისა და კიევის მაღალი რანგის დელეგაციები ხვდებიან.  

უკრაინას პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრიი ირმაკი, საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრიი სიბიჰა და თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი წარმოადგენენ. მეორე მხარეს სხედან აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო  და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი მაიკლ ვოლცი. ეს მათი პირველი შეხვედრაა 28 თებერვალს ოვალურ კაბინეტში გამართული დისკუსიის შემდეგ.

დელეგაციების წინასწარი განწყობა პოზიტიურია. ცნობილია, რომ უკრაინული მხარე ცეცხლის ნაწილობრივ შეწყვეტის ინიციატივით გამოვა ცასა და ზღვაში, კიევს ეკუთვნის ინიციატივა რუსი და უკრაინელი პატიმრების გაცვლასთან დაკავშირებით.

თავად ამერიკული მხარე კი აცხადებს, რომ შეხვედრაზე იმის მოსასმენადაა ჩასული, თუ რა დათმობაზეა წამსვლელი უკრაინა, რომ მოგვიანებით საუბარი უკვე რუსულ მხარესთან გაგრძელდეს იმის თაობაზე, თუ რას დათმობს რუსეთი.

ცნობილია, რომ შეხვედრას ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივ ვიტკოფიც ესწრება, რის შემდეგაც ის მოსკოვში ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გაემგზავრება. საუდის არაბეთში იმყოფება უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც, თუმცა ის უშუალოდ პრინც მოჰამედ ბინ სალმანს შეხვდება.

0 კომენტარი

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება, აუცილებელი ველები მონიშნულია *